ერთ თვეში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 138.4 მლნ დოლარით გაიზარდა და მშპ-ის 25%-ს აჭარბებს

2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.716 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით თითქმის 24.12 მლრდ ლარს) შეადგენს, რაც 138.47 მლნ დოლარით მეტია წინა თვესთან შედარებით. გარდა ამისა, სახელმწიფო საგარეო ვალი 2024 წლის მშპ-ის 25.7%-ია (2024 წლის მშპ მიმდინარე ფასებში, 33.8 მილიარდი დოლარი იყო).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.577 მლრდ დოლარს შეადგენდა.
რაც შეეხება უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალს, ის 8.358 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.337 მლრდ დოლარია, ორმხრივი კრედიტორების კი 1.520 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 358 მლნ დოლარს შეადგენდა.
2025 წლის მარტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).