“ერთ თვეში იცი რამდენჯერ ვნახავ დედაჩემს”, – ჯაფარიძის წერილი ციხიდან დედის გარდაცვალებამდე

ზურა ჯაფარიძის პირადი სოციალური ქსელით გავრცელდა წეილი, რომელიც მან ციხიდან დედის გარდაცვალებამდე გამოაგზავნა.
წერილს ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ:
“ვერ ვიხსენებ რას ვკითხულობდი, როცა კითხვის შემდეგ სიარულის დროს ამ ფიქრებმა წამიღო, მერე დამავიწყდა და რადგან ახლა გამახსენდა, ჩავიწერ, იქნებ რამდენიმე თვეში მათთან დაბრუნება და გადახედვა მომინდეს.
რა არის ის, რამაც შეიძლება გაგტეხოს აქ? დისკომფორტი? ჩაკეტილი სივრცე? მარტოობა? ყველაფერი სისულელეა.
არაფერი გჭამს ისე, როგორც ოჯახის მონატრება, შვილების და ცოლის ჩახუტების სურვილი და იმის განცდა, რომ ისედაც შეზღუდული დროის მნიშვნელოვან ნაწილს ისინი შენს გარეშე ცხოვრობენ.
ძალიან კარგ ფილმს რომ მთავარი პერსონაჟები გამოაკლო და ისე უყურო, რა მნიშვნელობა ექნება იმას, რაც დარჩება სიუჟეტიდან?
მონატრება, შეცვლილი რუტინა და ყოფითი ამბებიც გასაგებია. ამათ მიღმა რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გაწუხებს, გაფიქრებს, რამაც შეიძლება შეგცვალოს? უსამართლობა. ოღონდ არა ზოგადად: “ვაიმე, როგორ უსამართლოდ ჩამსვეს”, არამედ, დროის კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ წამში აღსრულებული უსამართლობა.
აი, ე.წ მოსამართლე რომ ჩაქუჩს ურტყმს და ამბობს: 7თვე. რატომ შე დედამო%$ნულო? რატომ 7? იქნებ 6? 1 თვეში რამდენ რამეს მოვასწრებ იცი? კოსტას წავიყვან ფეხბურთზე 10-12ჯერ და 2-3ჯერ ქაბაბს შევჭამთ ერთად, ვილაპარაკებთ რეალზე და რონალდოზე. იცი რამდენჯერ ვნახავ დედაჩემს? რატომ 7? როგორ დათვალე? რა ფორმულით? 4 წელი და 6თვე? პატარა გიტარისტს. 5 წელი მეორეს. როგორ ითვლით? როგორ წონით?
ანუ, რეჟიმის ზოგადი უსამართლობა კი არა, ადამიანის სიცოცხლისადმი ასეთი აგდებულ დამოკიდებულებაში გამოხატული უსამართლობა მაგიჟებს.
რა არის ეს? უგულობა? უტვინობა? უსულობა? ყველაფერი ერთად?
სად მიხვალ ამაზე მუდმივი ფიქრით? რომ გაბოროტდე? შეიძლება ალბათ, ახალი ამაში არაფერი იქნება. ვნახოთ რამდენიმე თვეში.
ღმერთი რომ იწამო?:) კარმა?:) იმ ქვეყნად მიეზღვებათ?:) ძალიან მეეჭვება, მაგრამ ეგდოს ერთ ოფშენად.
რომ გაგიჟდე? შანსი არაა? ყველას ეგრე ეგონა ვისაც დაუცურდა? იქნებ უკვე?
კაი, წავედი, კარმუშკა გაიღო: “ზური, აჯაფსანდალი, ხაჭო არაჟნით, წიწიბურა რძეში გვაქვს. ჩაიც არ გინდა?”, – წერს ზურა ჯაფარიძე წერილში.
გუშინ, 12 ივლისს, გარდაიცვალა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ზურაბ და გია ჯაფარიძეების დედა. ბოლო პერიოდში ის მძიმედ ავადმყოფობდა.
ზურაბ ჯაფარიძე, რომელსაც სამი კვირის წინ, 23 ივლისს, 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ციხიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ ბოლო წერილში დედაზე წერდა.