ერთ-ერთ ბანკში, ფაქტობრივად 100% იყო მის მიერ დაფუძნებული სადაზღვევო კომპანიის პროდუქტების რეალიზაციის შემთხვევა – ირაკლი ლექვინაძე

„ერთ-ერთ ბანკში 100% იყო მის მიერ დაფუძნებული სადაზღვევო კომპანიის პროდუქტების რეალიზაციის შემთხვევა“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისი თქმით, როცა ადამიანი მიდის სესხის ასაღებად და ბანკი გვთავაზობს მაგალითად, სიცოცხლის დაზღვევას, უნდა გქონდეს მინიმუმ 3 არჩევანი.
ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ბაზრის მონიტორინგი 2023 წლის ნოემბერში დაასრულა სააგენტო ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში არსებული ჩანაწერის გამო, სადაც ნათქვამი იყო, რომ შესაძლოა საბანკო არხებში და საბანკო დაწესებულებებში ადგილი ჰქონდეს საბანკო პროდუქტების კონკურენციის შესაძლო შემთხვევებს.
„1-წლიანი პერიოდი დაგვჭირდა ბაზარზე არსებული ვითარების შესაფასებლად. ვნახეთ, რომ სადაზღვევო პროდუქტებს საბანკო არხებში ყიდის დაახლოებით 10-მდე სადაზღვევო კომპანია. მათ შორის იმ ბანკებში, რომელთან თავის აფილირებული სადაზღვევო კომპანიები ჰყავთ. ჩვენი ინტერესი იყო – ხდება თუ არა იქ ამ სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვა ისე, როგორც დადგენილი წესია. ჩვენ დავინახეთ საკმაოდ საინტერესო სურათი. ვიცით, რომ გვყავს მსხვილი ბანკები. მსხვილ ბანკებთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიები. ერთ-ერთ ასეთ ბანკში, რომელსაც თავისივე დასახელების სადაზღვევო კომპანია აქვს, ფაქტობრივად 100% იყო მის მიერ დაფუძნებული სადაზღვევო კომპანიის პროდუქტების რეალიზაციის შემთხვევა. ეს თავისთავად მიუთითებს, რომ არანაირი არჩევანის შეთავაზება არ ხდება, თუმცა, მათ აქვთ ვალდებულება, რომ მინიმუმ 3 სადაზღვევო კომპანიის პროდუქტი შესთავაზონ“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მისი თქმით, სააგენტომ გასცა 6 რეკომენდაცია, რომელიც გადასცა შესაბამის მარეგულირებელს.
„6 რეკომენდაცია გავეცით, რომელიც შესაბამის მარეგულირებელს გადავეცით და იქ ძირითადად საუბარია, რომ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია, სადაზღვევო კომპანიებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ შემოვიდნენ ბაზარზე. ველოდებით, რომ ეს საკითხები დაიძვრება და დაზღვევის ინდუსტრიაც იაქტიურებს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.