რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დაბომბვის გამო უკრაინა 30-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს.
ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთმა 29 დეკემბერს საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ უბნებზე — მათი მიმართულებით 158 რაკეტა და სამხედრო დრონი გაუშვა. როგორც უკრაინა აცხადებს, საჰაერო თავდაცვის სისტემამ 114 ობიექტი გააუვნებელყო, თუმცა მათი ნაწილი საცხოვრებელ ზონებში ჩამოვარდა. შედეგად, დაღუპულია 30 ადამიანი, 160-ზე მეტი კი დაიჭრა.
რუსული რაკეტები ჩამოვარდა კიევში, ერთ-ერთი მეტროს შესასვლელთან, ასევე დაიბომბა ბიზნესცენტრი და საცხოვრებელი უბნები. უკრაინის დედაქალაქში 7 ადამიანია დაღუპული. სარაკეტო იერიშების სამიზნე გახდა ქალაქები — დნეპრი, ხარკოვი, ოდესა, ზაპოროჟიე, სუმი.