ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც, მეზვრიშვილის თანახმად, ხაზარაძესთან მოლაპარაკება ჩაიშალა

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ მათი და კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ გაერთიანების მოლაპარაკებების ჩაშლის ერთ-ერთი მიზეზი ამ კოალიციის წევრების შიდა უთანხმოება იყო.
მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მამუკა ხაზარაძის განცხადებისა კოალიციის სუბიექტების თანხმობაზე, მათი ლიდერები სხვა განცხადებებს აკეთებდნენ და იკითხა, როგორ უნდა მოქცეულიყო „საქართველოსთვის“ მაშინ, თუ ეს განცხადებები გაერთიანების შემდეგაც გაკეთდებოდა.
„როგორ წარმოგიდგენიათ – მიმდინარეობს მოლაპარაკება. ორი ადამიანი მაგიდასთან ზის, მოლაპარაკებას აწარმოებს. გიორგი გახარია რაღაცაზე თანხმობას აცხადებს და ამ დროს გამოდის ნათია მეზვრიშვილი და ამბობს, რომ წინააღმდეგია სთან და ლელოს გუნდთან რამე ტიპის გაერთიანების. ნათია მეზვრიშვილსაც უნდა, რომ იქ მივიდეს და მაგიდასთან დაჯდეს.
ეს არ იყო ერთი ლიდერის [განცხადება], ეს იყვნენ კოალიციის [წევრების] სხვა ლიდერებიც. რამდენად სერიოზულად წარმოგიდგენიათ, [ასეთი განცხადებების შემდეგ] გამოვიდეს ბატონი გახარია და თქვას – მე მაქვს კონსენსუსი?
ფაქტია – ეს ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ ვართ კოალიციაში აი ამდენი სუბიექტი, არ დაგვიძახეს საერთოდ მაგიდასთან. არ ვართ თანახმა. ბატონი მამუკა კი ამბობს, რომ ყველანი თანახმა ვართო მას შემდეგ, რაც მისი კოალიციის წევრებმა ეს განცხადება გააკეთეს. აი, მოვაწერეთ ხელი და რას ვშვებით, ხვალ რომ გამოვიდეს კვლავ ეს ხალხი და თქვას – ჩვენ არ ვართ თანახმა? საზოგადოებას რას ვეუბნებით?“, – თქვა მეზვრიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის მათი ძალების გაერთიანებაზე მოლაპარაკებები სამი დღე მიდიოდა, თუმცა საბოლოო ჯამში წარუმატებლად დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ