“ერთ დღეს, ყველა გაიგებს, ვინ არის გოგა ბითაძე” – ქართველი ვარსკვლავის ცხოვრება და კარიერა – გზა NBA-მდე – Marao

გოგა ბითაძეს საკალათბურთო სამყაროში ემოციურ, გულწრფელ, ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოთამაშედ იცნობენ. ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავის გზა დიდ წარმატებასა და ოცნებების ახდენამდე კი მარტივი არ ყოფილა.
ახლა, როცა მთელი ყურადღება სპორტის ამ სახეობის მთავარი ღონისძიების, ევრობასკეტისკენაა მიმართული, ინტერესი ჩვენი ვარსკვლავების მიმართ კიდევ უფრო იზრდება. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში უფრო ახლოს გაგაცნობთ გოგა ბითაძეს – ახალგაზრდა კალათბურთელს დიდი მიზნებით, საოცარი ნიჭითა და იშვიათი თავმდაბლობით.
1999 წლის 20 ივლისს დაიბადა საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გოგა ბითაძე. გოგა ამჟამად NBA-ში ორლანდო მეჯიკში თამაშობს. 2019 წლის NBA-ის დრაფტზე მიიჩნევა პირველი რაუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ.
გოგა პრესკონფერენციებზე მშვიდი და მხიარულია, უყვარს ჟურნალისტებთან კონტაქტი, თუმცა საკუთარი ცხოვრების შესახებ იშვიათად საუბრობს.
2017 წელს გოგამ ამერიკულ ჟურნალისტთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის რამდენიმე კითხვას პასუხობს. გოგა ინტერვიუში მისი კალათბურთით დაინტერესების შესახებ საუბრობდა.
“კალათბურთის თამაში 6 წლის ასაკში დავიწყე. თავიდან სკოლის გუნდში ვთამაშობდი, შემდეგ – კარგ კლუბში გადავედი და იქ განვაგრძე მუშაობა. მამაჩემიც პროფესიონალი კალათბურთელი იყო, თუმცა კარიერა ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა” – ამბობს გოგა.
კითხვაზე თუ რა აინტერესებს კალათბურთის გარდა, პასუხობს:
“ბევრს ვვარჯიშობ და ნამდვილად არ მაქვს დრო, სხვა რამ ვაკეთო. თუმცა მიყვარს მუსიკა, წიგნის კითხვა, კომპიუტერული თამაშები”.
გოგა ცოტახნის წინ პოდკასტში “ჩერის სივრცე” იმყოფებოდა, ის ინდიანაში გატარებულ პერიოდს რთულად იხსენებს.
“ბევრი ფაქტორი იყო, ბავშვი ვიყავი. ევროპაში ძალიან ბევრს ვარჯიშობ და გადადიხარ ადგილას, სადაც საერთოდ არ ვარჯიშობ. იმავენაირად რომ ვიკვებებოდი, მოვიმატე, მერე პრობლემები შემექმნა, კლუბშიც არ მეხმარებოდნენ. ადამიანს, როგორ მოექცნენ, არ იციან, გიყურებენ, როგორც გასაყიდ ხორცს. რომ გასწავლონ, არ უნდათ, პირდაპირ უნდა იცოდე. ინდიანადან რომ გამომიშვეს, ბედნიერად დავიძინე. ამის მერე ისე კარგად დალაგდა ყველაფერი, მივხვდი, რომ თუ მე ჩემს გასაკეთებელს ვაკეთებ, ყველაფერი თავის დროზე ხდება, მე რომ ვინერვიულო აზრი არ აქვს,” – ამბობს გოგა.
2018 წლის 20 დეკემბერს მეგა ბემაქსმა ბითაძე გაანათხოვრა გუნდ ბუდუჩნოსტში, რომელიც მონტენეგროს ლიგაში, ABA ლიგასა და ევროლიგაში ასპარეზობდა. იგი გუნდში დარჩენილი სეზონის გამნავლობაში თამაშობდა.
2019 წელს გოგა ბითაძე მე-18 პიკად აირჩია ინდიანა პეისერსმა, რომელიც მდებარეობს შტატ ინდიანას ქალაქ ინდიანაპოლისის არეაში. პეისერსი მონაწილეობას იღებს ცენტრალური დივიზიონში, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). გოგამ NBA-ში სადებიუტო შეხვედრა „მინესოტა ტიმბერვულვზის“ წინააღმდეგ ჩაატარა და პარკეტზე პირველი მეოთხედის ბოლოს გამოჩნდა. პარკეტზე 24:19 წუთი გაატარა და 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა. თუმცა ინდიანა 111-119 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ბითაძე პირველად გამოიძახეს ევრობასკეტ 2017-ზე, მაგრამ ტრავმის გამო მთელი ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია. მიუხედავად ამისა, იგი ამბობდა, რომ მოედნის გარედანაც ბევრის სწავლა მოახერხა ვეტერანი კალათბურთელების, ზაზა ფაჩულიასა და გიორგი შერმადინისაგან. 2017 წლის 24 ნოემბერს შედგა ბითაძის დებიუტი 2019 წლის FIBA-ის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში.