საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ მეზობელი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის „ერთჯერადი იმპორტის“ შესახებ, რასაც სახელმწიფო „სრულიად უსასყიდლოდ“ განახორციელებს.
ამ განცხადებით საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ეხმაურება აზერბაიჯანულ პროსამთავრობო მედიაში გავრცელებულ ცნობებს აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების გადასაზიდად საქართველოს მიერ ერთ ტონაზე „92$-იანი ტარიფის დაწესების“ შესახებ.
ინფორმაცია, რომ ნავთობის პარტიას საქართველო „უფასოდ“ გაატარებს, 8 დეკემბერს „იმედმა“ და პირველმა არხმა გაავრცელეს, – მოგვიანებით ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროდან რადიო თავისუფლებასაც მიაწოდეს.
ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრის თანახმად:
· 2025 წლის 5 დეკემბერს მთავრობამ „პარტნიორი ქვეყნებისგან“ მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში „საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით“;
· სამინისტროში ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, „საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს“, ხოლო ეს გადაწყვეტილება „ეცნობათ ოფიციალურ მხარეებს“;
· „საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული და სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერი“, – აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესცენტრში.
დამაზუსტებელ კითხვებზე, – მათ შორის, ადასტურებენ თუ არა, რომ თავდაპირველად 92$-იანი ტარიფი დაასახელეს ან რომ ეს თანხა დაასახელეს მოლაპარაკებებისას პოტენციური შემდეგი პარტიებისათვის, – უწყებაში არ პასუხობენ.
რას წერდა აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედია
აზერბაიჯანულმა გამოცემა Minval Politika-მ 5 დეკემბერს გამოაქვეყნა სტატია სათაურით, „საქართველო მშვიდობის წინააღმდეგ“, რომლითაც მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და თბილისი-ბაქოს ურთიერთობებში „საგანგაშო“ ცვლილებაზე საუბრობს.




