13 აგვისტოს, 22 დამოუკიდებელი მედიასაშუალება ერთი საათით გაითიშა – მათ ვებსაიტებზე შესულ მომხმარებელს მხოლოდ შავი ფონი ხვდებოდა. ეს იყო გამართხილებელი სიგნალი, რომლითაც დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი კამპანია გაიხსნა. ქართული ონლაინ მედია დახმარებას ითხოვს გადარჩენისთვის.
“დღეს საქართველოში დამოუკიდებელი ონლაინმედია გადარჩენისთვის იბრძვის. რეპრესიული რეჟიმი ცდილობს ჩაახშოს ხმები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ.
22 ონლაინმედია მთელი საქართველოდან გავერთიანდით, რომ დავიცვათ ის, რაც ყველას გვეკუთვნის: თავისუფალი სიტყვა და დემოკრატია.
შენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში გადამწყვეტია. გადარიცხე დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდასაჭერად და დაგვეხმარე ინფორმაციის გავრცელებაში” – წერია სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილ ვებ-საიტზე, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დონაცია დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დასახმარებლად.
“სინათლე არ უნდა ჩაქრეს.
თავისუფლება მზიას!
თავისუფლება სინდისის პატიმრებს!” – ეს არის სამი მთავარი გზავნილი, რომელიც კამპანიას ახლავს თან.
ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი არაერთი კანონი მიიღო დაჩქარებული წესით, რომელიც თითქმის შეუძლებელს ხდის საზღვარგარეთიდან დონორების მოზიდვას და უცხოური დაფინანსების მიღებას დასავლური ფონდებიდან. როგორც აგენტების შესახებ კანონი, ისე ამერიკული “ფარას” ანალოგიით შექმნილი კანონი დამოუკიდებელი მედიის ფინანსურად დასუსტებას აჩქარებს და მათ არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. არც ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელიც ამ კამპანიაში მონაწილეობს, უცხოეთის გავლენის აგენტად არ რეგისტრირდება.
მედიის შემზღუდავი კანონების ნაწილი მიმართულია თავად ჟურნალისტური საქმიანობის გართულებაზე – რიგ ადგილებში, მაგალითად სასამართლოებში აიკრძალა გადაღება. ჟურნალისტები აღარ არიან დაცული წყაროს გაუთქმელობის პრივილეგიით და შესაძლოა პასუხიმგებლობა დაეკისროთ ისეთ შემთხვევებზე, როცა მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებად ჩათვლის რომელიმე საჯარო პირი.
ფორუმი
