· 141
მშვენიერი, მოხდენილი თათა გიორგობიანი ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ქართულ ტელესივრცეში. ყველამ არ იცის, რომ ამ სილამაზის მიღმა ჭკვიანი, გონიერი და წინდახედული ქალი იმალება…
– ეკრანზე ყოველთვის უზრუნველი და ხალისიანი ჩანხართ… როგორია ნამდვილი თათა, რომელიც საკუთარ თავთან მარტო რჩება?
– თათას ძალიან ბევრი მხარე აქვს და ყველა სიტუაციაში ისე იქცევა, როგორც ამას კონკრეტული სიტუაცია მოითხოვს, რა თქმა უნდა, მორალური ჩარჩოების ფარგლებში. მეგობრებში ძალიან მხიარული ვარ, თუმცა არის სიტუაციები, როდესაც ვცდილობ სერიოზული ვიყო. საკმაოდ ხშირად მიწევს ყოფნა აკადემიურ წრეებში, რადგან ჩემს მომავალ პროფესიად ფსიქოლოგია ავირჩიე. უკვე მაგისტრატურას ვასრულებ და ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ როცა საჭიროა, მეტისმეტად სერიოზული ვარ და თქვენ წარმოიდგინეთ, მკაცრი იმიჯიც მაქვს, თუმცა ადამიანების მიმართ კეთილგანწყობას ყოველთვის ვინარჩუნებ – ეს ჩემი შინაგანი მდგომარეობაა.
– ზოგიერთ ადამიანს ადვილად ეუფლება უიმედობა, თქვენ თუ ხართ მიდრეკილი დეპრესიისკენ?
– იყო დრო, როცა მეც დეპრესიული თინეიჯერი ვიყავი, მაგრამ წლებმა ყველაფერი შეცვალა. ფსიქოლოგია ძალიან დამეხმარა, რომ საკუთარი თავი მეპოვა და ჩემი ემოციები მემართა. ვფიქრობ, ემოციების მართვა – ეს არის ოქროს გასაღები და ფორმულა, რომელსაც ბედნიერებისკენ მივყავართ. იმასაც მივხვდი, რომ უიმედობა ადამიანის უპირველესი მტერია და კარგი არაფერი მოაქვს, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ გაკვეთილი მივიღოთ და ჩვენი მომავალი უკეთესობისკენ წარვმართოთ. ჩემი აზრით, გამოსავლის პოვნა ნებისმიერი სიტუაციიდან შეიძლება. ამის დასტურად, ერთ საოცარ ქალბატონზე გიამბობთ, რომელმაც უმძიმესი ტრაგედია გადაიტანა – შვილი გარდაეცვალა. ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით და ბევრს ვსაუბრობდით. ამ საუბრების დროს თანდათან გამოიკვეთა მისი ცხოვრებისეული მისია – მიხვდა, რომ სხვებს უნდა დახმარებოდა – ადამიანებს, რომლებმაც მსგავსი ტრაგედია გადაიტანეს და მომავლის იმედი დაკარგეს! დიახ, მან ძალიან დიდი ტკივილის წყალობით იპოვა თავისი ადგილი ცხოვრებაში, თავისი დანიშნულება.
– რა განცდა გეუფლებათ, როდესაც ასეთ ადამიანებს ხვდებით და ესაუბრებით?
– მეც მათთან ერთად ვნერვიულობ და განვიცდი, რადგან ძალიან ემპათიური და მგრძნობიარე ადამიანი ვარ. ემოციურობაში ცუდი არაფერია, უბრალოდ, ემოციებმა საქმეში ხელი არ უნდა შეგიშალოს.
– ფსიქოლოგობა როგორ გადაწყვიტეთ?
– ჩემი ოჯახის რჩევით, სპეციალობად ბიზნესი და ეკონომიკა ავირჩიე: ყველა მირჩევდა, ეს საჭირო და აქტუალური პროფესიააო, თუმცა, ცოტა ხანში მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო და ფსიქოლოგიისკენ გადავიხარე. უფრო მეტიც, აღმოვაჩინე, რომ ფსიქოლოგია ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო – ბავშვობიდან მოყოლებული, ჩემთან ხშირად მოდიოდნენ მეგობრები, ახლობლები, თავიანთ პრობლემებზე მიყვებოდნენ და რჩევას მეკითხებოდნენ. არ ვიცი, ალბათ ჩემთან უფრო ადვილი იყო “გახსნა” და გულწრფელი საუბარი იმის გამო, რომ მთელი გულით ვუსმენდი და თანავუგრძნობდი. როცა შენს გულისხმიერებას გრძნობს, ნებისმიერ ადამიანს უჩნდება სურვილი განცდები გაგიზიაროს. აღმოვაჩინე, რომ ეს საქმე მიტაცებდა და მაგისტრატურაში ფსიქოლოგიის სპეციალობით ჩავაბარე. ჯერ ილიას უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ახლა კი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ვსწავლობ.
– შეიძლება წლების შემდეგ, ისევ ტელეეკრანზე გიხილოთ, ოღონდ, ფსიქოლოგიური გადაცემის წამყვანად?
– უკვე რამდენჯერმე ვიყავი მიწვეული სხვადასხვა გადაცემაში ფსიქოლოგის სტატუსით. ყველაზე მწვავე, აქტუალურ თემებზე ვისაუბრეთ და ძალიან გაუკვირდათ, რომ ამ სფეროში საკმაო ცოდნა მქონია. კოლეგებისაგან სასიამოვნო კომპლიმენტები მივიღე, რამაც ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო აამაღლა. როცა ვიღაცას ვეხმარები, ისეთი განცდა მაქვს, რომ ჩემს მისიას ვასრულებ და სამყაროში დადებით ენერგიას ვგზავნი. ამჟამად, ჩემი გიჟური გრაფიკიდან გამომდინარე, დრო ყველაფრისთვის არ მყოფნის, მაგრამ ზუსტად ვიცი, ეს პროფესია ყველაზე მეტად მიყვარს და მომწონს.
– რა როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებაში ოჯახმა?
– ოჯახი ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი მოტივაციაა. 15 წლიდან ვმუშაობ და სიმღერით დაწყებული, ფსიქოლოგიური განათლებით დამთავრებული, აბსოლუტურად ყველაფერს ჩემი შრომით და მონდომებით მივაღწიე.
– გამართლების გარეშე?
– გამოგიტყდებით, ადამიანის ცხოვრებაში გამართლებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს: არსებობენ ჩემზე მშრომელი და ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ჩემზე უკეთესად მღერიან და ლამაზად გამოიყურებიან, მაგრამ რაღაც სიტუაციაში ვერ ხვდებიან ან თვითონ არ არიან მზად, რომ თავიანთი ნიჭი და უნარი სწორად გამოიყენონ. ასე რომ, გარდა შრომისა, ჩემს ცხოვრებაში გამართლების მომენტიც იყო, რისთვისაც მადლობელი ვარ. მგონია, რომ ადამიანი რასაც ასხივებს და რასაც გასცემს, ყველაფერი უკან უბრუნდება, ამიტომ, შინაგან განწყობას და შემართებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
– ეთანხმებით, რომ ადამიანი საჭირო დროს, საჭირო ადგილას უნდა მოხვდეს, სხვაგვარად არაფერი გამოუვა?
– იცით, მე მწამს, რომ ცხოვრება შანსს ყველას აძლევს, უბრალოდ, ვიღაცები ამ შანსს ვერ ხედავენ და არ იყენებენ, რადგან მსხვერპლის როლში არიან. ადამიანი, რომელიც ცოტა დაბოღმილია, ცოტა უმადური და ჰგონია, რომ აწყობილი, უზრუნველი ცხოვრება თავზე უნდა დაეცეს, ყოველთვის იმედგაცრუებული რჩება. შეიძლება გარედან ჩანდეს, რომ ვიღაცამ ყველაფერს იოლად მიაღწია, მაგრამ ასე არ არის. იმან, ვისაც არ გაუმართლა და თავისი ცხოვრება ვერ ააწყო, საკუთარ თავს მხოლოდ ერთი შეკითხვა უნდა დაუსვას – “რატომ არ გამომივიდა?!” მერე კი, უფრო მეტად ჩაუღრმავდეს, სხვებს რატომ გაუმართლათ და მას – არა. გამართლება შრომის გარეშე არაფერია და ნებისმიერი წარმატების უკან დიდი შრომა, უამრავი დაბრკოლება იმალება. რაც მთავარია, შანსი, რომელსაც ცხოვრება გვაძლევს, დროულად უნდა დავინახოთ და გამოვიყენოთ, რათა ცხოვრების დინებას არ ჩამოვრჩეთ. ჩემი მიდგომა ასეთია: რაც ცხოვრებაში ხდება, ყველაფერს მადლიერებით ვიღებ – ცუდსაც და კარგსაც – ეს მიდგომა დაბრკოლებების გადალახვაში მეხმარება.
– ამჟამად რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება?
– ყველაზე რთული იცით, რა არის? – როდესაც ხალხმა გაგიცნო, როგორც ლამაზი გოგო და ახლა ყველა უნდა დაარწმუნო, რომ შენში ჭკვიანი ადამიანი დაინახონ. ეს პრობლემა მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ქალებს აქვთ. ალბათ, მამაკაცის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ქალში პირველად გარეგნულ მიმზიდველობას ხედავს, ამ მიმზიდველობის მიღმა სხვა რამეებიც რომ არის, ამაზე ბევრს არ ფიქრობს. მიხარია, როცა ხმა ამოვიღე, საზოგადოებამ სულ სხვა თვალით დამინახა და აღმიქვა. ისიც ძალიან მომწონს, რომ ხალხში გავრცელებული სტერეოტიპების მსხვრევაში მეც ვმონაწილეობ.
– თათა, თქვენს რჩეულზე რას გვეტყვით?
– ჩემს რჩეულზე შემიძლია გითხრათ, რომ ერთმანეთი სულ გვენატრება: ორივეს გადატვირთული რეჟიმი გვაქვს და ერთმანეთს ძალიან მცირე დროით ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ. კონსტანტინე მოსიძე – ასე ჰქვია ადამიანს, რომელსაც ჩემი ბედი დავუკავშირე. იგი პროფესიით ეკონომისტია, თავის თავზე საუბარი დიდად არ უყვარს, მაგრამ მაინც გავამხელ: ყველაზე მეტად მისმა განათლებამ, კულტურამ და კარგმა მანერებმა მომხიბლა – ამ თვისებების წყალობით, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ბაღდათელია და ლამის მთელი ბაღდათი მწერდა “ფეისბუკსა” და “ინსტაგრამზე” – როგორ გვიხარია, რომ ჩვენი რძალი გახდიო. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს ჩემი გააზრებული არჩევანია. რა თქმა უნდა, ურთიერთობები ადრეც მქონია, იყო წყენაც, გულისტკივილიც, შეცდომებიც დამიშვია, მაგრამ ეს თვითგამორკვევის ეტაპი იყო. ამიტომაც მგონია, რომ ადამიანმა ოჯახი 30 წლის ასაკიდან უნდა შექმნას. სამწუხაროდ, საქართველოში ამ საკითხის მიმართ არასწორი დამოკიდებულება აქვთ: აქ მთავარი გათხოვებაა. დაქორწინდა? – რა კარგია, პატრონს ჩაბარდა, კარგ ბედშია და თითქოს ყველაფერი მოგვარდა, არადა, მთავარი პრობლემები მერე იწყება. საქართველოში გოგონებს არ ასწავლიან, რა პრობლემები შეხვდებათ ქორწინების შემდეგ. იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერებას, რომელსაც ოჯახი ჰქვია, ასაკი და გამოცდილება სჭირდება, თუ პირადი არა, სხვის მაგალითზე დანახული. აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ სწორედ იმ დროს გადავდგი ეს ნაბიჯი, როცა ყველაზე დროული იყო.
– რას ფიქრობთ ადამიანებზე, რომლებიც პრობლემებს გაურბიან?
– პრობლემისგან გაქცევა გამოსავალი არ არის, რადგან ეს სიტუაცია შეიძლება სხვა ადგილას, თუნდაც, უცხო ქვეყანაში განმეორდეს. მე მიმაჩნია, რომ სამშობლოს არაფერი სჯობს, მით უმეტეს, საქართველოს! მართლა უნიკალური, გამორჩეული ერი ვართ და საქართველოსგან დაშორებას არავის ვურჩევ, თუმცა, ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს: როგორც ფსიქოლოგი, ვიტყოდი, რომ ყველა ადამიანი იქ უნდა იყოს, სადაც ბედნიერებას იპოვის და სადაც თავს კარგად იგრძნობს.
– დაბოლოს, თქვენს გულშემატკივრებს აინტერესებთ, როგორია “ღამის შოუს” გუნდის ცხოვრება კულისებს მიღმა?
– კულისებს მიღმაც ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ერთმანეთს ყოველთვის მხარში ვუდგავართ და ვეხმარებით. გული მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება: იმის გამო, რომ მოუცლელი ვარ, ჩვენს მეგობრულ შეხვედრებს ხშირად ვერ ვესწრები. უბრალოდ, გააზრებული მაქვს, რომ ჩემი მომავალი ამ მსხვერპლს მოითხოვს: მეგობრებთან ერთად ყოფნა და გართობაც უნდა მოვიკლო, თორემ მიზანს ვერ მივაღწევ.
ჟურნალი “გზა”