“ერთი წელი ისე გავიდა, უცხოელი რეალური დამკვეთი არ დაგვკავშირებია” – “უნისტილი”

ტექსტილის დარგში კრიზისია. მცირდება პროდუქციის ექსპორტი, ადგილობრივი სამკერვალოები კი იხურება. 2025 წლის პირველ 2 თვეში ადგილობრივად შეკერილი ტექსტილი ნაწარმის ექსპორტი 12%-ით შემცირდა და 25.4 მლნ დოლარი შეადგინა.
თუ დარგი საერთაშორისო ბრენდებისთვის რამდენიმე წლის წინ საინტერესო იყო, ეს დღეს ასე აღარ არის. გაიზარდა ხარჯები, უცხოური კომპანიები კი შეკვეთის ღირებულებას არ ზრდიან, რის გამოც ადგილობრივი ბიზნესს შეკვეთის აღება აღარ უღირს.
უნიფორმების მწარმოებელ სამკერვალო “უნისტილ”-ის დირექტორი ნატალია ჩხეიძე ამბობს, რომ უცხოური დამკვეთებისთვის საქართველო ადრე თუ იაფი მუშახელის გამო მიმზდიველი იყო, დღეს ეს ასე აღარ არის. მისი შეფასებით, იმის გამო რომ სამკერვალო კომპანიები შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ კომპანიებს ადგილობრივ ბაზარზე გადართვა მოუწიათ, რომელიც ნაკლებად შემოსავლიანია.
“უცხოელები, რომლებიც პრაქტიკულად იაფ მუშახელზე აკეთებდნენ გათვლას, ჩამოჰქონდათ ყველაფერი დაჭრილი – მასალა, ძაფი და ერთადერთი ჩვენი მხრიდან სჭირდებოდათ შეკერვის მომსახურება, რომელიც გაძვირდა 35-40%-ით. ამიტომ რა თქმა უნდა, ისინი დაინტერესებული აღარ არიან.
არჩევანის წინაშე რომ დავდექით, ფაქტობრივად ძალიან დიდ შეკვეთებზე უარის თქმა მოგვიწია, იმის ხარჯზე, რომ მე არ დამეჩაგრა მუშახელი, რომლებზეც ჩვენი ფაბრიკა დგას. ყველა სამსახური ჩვენს თანამშრომელზე დგას. შესაბამისად, არჩევანის წინაშე რომ დავდექით, დიდი პროცენტული მაჩვენებელი დავთმე და დავკარგე ექსპორტის, მაგრამ გავზარდე ხელფასი და ამით კმაყოფილი ვარ.
ამან გამოიწვია ის, რომ უფრო მეტად დავიწყეთ ადგილობრივი კომპანიების მოძიება და ამით ვზრდით ჩვენი შეკვეთების რაოდენობას. უცხოური კომპანიები ახლაც ჩამოდიან, უბრალოდ პროდუქცია აღარ ჩამოაქვთ, სიტუაციას სწავლობენ, მაგრამ გაიშვიათდა. 4-5 წლის წინ, წელიწადში 10-12 ვიზიტი იყო უცხოური კომპანიების, სადაც ეკონომიკის სამინისტრო იყო ჩართული, გვირეკავდნენ წინასწარ და ვათანხმებდით და მოჰყავდათ ეს ხალხი. ამ 10-12 შემკვეთიდან მინიმუმ 2-3-თან ფორმდებოდა შეთანხმება. ახლა ეს დინებაც შეწყდა, მოძიების თვალსაზრისითაც აღარ ჩამოდიან უცხოელები. ერთი წელი ისე დასრულდა, რომ უცხოელი შემკვეთი ფიზიკურად არ დაგვკავშირებია, მხოლოდ მეილით კითხულობენ სიტუაციას,” – აცხადებს “უნისტილის” დამფუძნებელი ნატალია ჩხეიძე.