ბუკა (მერაბ) შარიქაძის სახელი და გვარი ქართული რაგბის ისტორიაში ბევრს ამბობს – ღირსეული, მებრძოლი, თავდაუზოგავი და თავმდაბალი – ასე ახასიათებენ მას მოედანზე, მოედანს მიღმა კი მის ადამიანური თვისებების შესახებ მისი მეგობრები ხშირად საუბრობენ.
მერაბ შარიქაძემ რაგბიში თამაში დაიწყო თბილისში, კლუბ „აკადემიაში“. სულ რაღაც 16 წლის ასაკში იგი გამოიძახეს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებში. 2011 წელს, GRU-სა და ჰარტპურის კოლეჯს შორის პარტნიორობის წყალობით, მერაბ შარიქაძე ინგლისში გაემგზავრა, რათა ესწავლა და ეთამაშა ჰარტპურის კოლეჯის R.F.C.-ში. კარგი თამაშის წყალობით, იგი გამოიძახეს გლოსტერის 19-წლამდელთა ნაკრებში სათამაშოდ. იმავე წელს იგი დაინიშნა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტნად. მან სრული საერთაშორისო დებიუტი შეასრულა 2012 წლის 21 თებერვალს ესპანეთის წინააღმდეგ, სულ რაღაც 18 წლის ასაკში და გახდა მე-7 ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც საქართველოს ნაკრებში ითამაშა.
ბუკა შარიქაძემ საქართველოს ნაკრებში პირველად 18 წლის ასაკში ითამაშა. მილტონ ჰეიგმა მალევე შენიშნა ახალგაზრდა მორაგბეში დიდი ნიჭი, შრომისმოყვარეობა და საქმისადმი უაღრესად კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ორი წლის განმავლობაში მერაბმა ეროვნულ გუნდში 19 კეპი მოიხვეჭა და 6 ლელო გაიტანა. ამათგან, ყველაზე მნიშვნელოვანი, ნოემბრის ტესტებზე სამოას ნაკრებთან გატანილი ლელოა, რომელმაც “ბორჯღალოსნებს” ისტორიული გამარჯვება მოაპოვებინა.
· ახალგაზრდული ნაკრები
· შვიდკაცა
· დიდი ბრიტანეთი
· საფრანგეთის ლიგები
· ნაკრები – 2012 წლიდან
· ყველაზე ახალგაზრდა კაპიტნის სტატუსი – 2017 წლიდან
· შავი ლომი – 2021 წლიდან
ბუკა შარიქაძეს კარიერის მანძილზე ნათამაშები აქვს რაგბის 3 მსოფლიო ჩემპიონატი, არის საქართველოში მე-7, ხოლო მსოფლიოში 97-ე ცენტურიონი და მისი ზედმეტსახელია „ვარსკვლავთბიჭუნა“.
2024 წლის 5 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტმატჩების სერიის პირველ შეხვედრას ბათუმში, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ატარებდა, როცა მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ ლუკა ჯაფარიძესა და ბექა გიგაშვილთან ერთად, შეხვედრას გამოტოვებდა გუნდის კაპიტანი, ბუკა (მერაბ) შარიქაძე.
მაშინ არც სამწვრთნელო შტაბს და არც თავად სპორტსმენებს მიზეზებზე არ უსაუბრიათ – ამ ამბის შემდეგ კი ბუკა შარიქაძე მოედანზე აღარ დაბრუნებულა.
სულ ცოტა ხნის წინ Setanta Sports Georgia-მ ბუკა შარიქაძის ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც სპორტსმენმა ცხოვრებისა და კარიერის ყველაზე რთულ შემთხვევაზე ისაუბრა, შემთხვევაზე, რომელმაც, ფაქტობრივად, დაასრულა მისი კარიერა, გეგმები და ოცნებები.
ბუკა შარიქაძე ინტერვიუში იხსენებს, რომ 5 ივლისის თამაშისთვის მზადებისას, მოდენაზე გასვლის წინ მენეჯერმა უთხრა, რომ კავშირის წარმომადგენლები იბარებდნენ. მაშინ ვერც წარმოიდგენდა, რომ ეს მომენტი მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა – საქმე ეხებოდა 2022 წელს მომხდარ შემთხვევას, როცა დოპინგ ტესტის ჩასაბარებლად მერაბ შარიქაძეს თანაგუნდელმა ბუნებრივი მასალის (შარდის) გაცვლა სთხოვა, ამ დეტალებზე სპორტსმენი ინტერვიუში ვრცლად საუბრობს.
„ერთ-ერთი მორაგბის შარდის ფორმულა არ დაემთხვა ძველ ნიმუშს, მერე კი ვიღაცამ მისცა ინფორმაცია, რომ ჩემი შარდი იყო გამოყენებული. 25 დეკემბერს მივიღე წერილი, რომ 6 წლიანი დისკვალიფიკაცია მქონდა. შეთავაზება იყო, რომ ჯაშუში ვყოფილიყავი ან მემხილებინა მორაგბეები. ეგეთი არც რაგბი მინდა და არც ცხოვრება. ისე დამენგრია ვინმესთვის ცხოვრება, როგორც მე დამენგრა”.
მერაბ შარიქაძისთვის ეს ამბავი 6-წლიანი დისკვალიფიკაციით დასრულდა – დასრულდა მისი კარიერაც რაგბიში. ამბობს, რომ მისი განვლილი გზა, თავდადება და ერთგულება ასეთ დასასრულს არ იმსახურებდა.
„დოპინგ სკანდალის შემდეგ, არცერთ თამაშზე არ ვარ ნამყოფი. გულშემატკივრებისთვის არაფერი მითქვამს და უცბად რომ ტრიბუნაზე ვენახე მათ, უცნაური იქნებოდა. ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ვერ შევეგუე იმ ფაქტს, რომ ნაკრებში აღარ ვარ. 2027 წლის მსოფლიო თასზე თამაშს ვაპირებდი, მერე ერთი წელი დარჩენას და რაგბიდან წასვლას. რაღაც დაუდევრობის გამო, რომ ამ ამბებს მოვწყდი, თან ამის გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. რაგბიში ბევრ რამეზე პასუხისმგებელი ვიყავი და უცბად ყველაზე შორს მდგომი აღმოვჩნდი. ჩემი ისტორია ასე არ უნდა დამთავრებულიყო, ერთი სიტყვით ამას გულისწყვეტას დავარქმევ”.
ამბობს, რომ თავს დამნაშავედ მიიჩნევს, თუმცა თვლის, რომ სასჯელი მისი დანაშაულის საპირწონე არ არის.
მერაბ შარიქაძეს საქართველოშიც და მსოფლიოშიც ათასობით გულშემატკივარი ჰყავს, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებული მისი დედა იყო – განსაკუთრებულია მისი მონოლოგიც დედის შესახებ:
„დედაჩემი ჩემი ფანატი იყო. ეს ამბავი ყველაზე მტკივნეულად დედაჩემმა მიიღო. ჩემს აღქმაში დედაჩემის ცუდად გახდომას ჩემს ამბავს ვუკავშირებ. დოპინგზე ვამბობდი, რომ უარესებიც ხდება და მთავარია, რომ გარშემო ყველა კარგად მყავდა. სამწუხაროდ, უარესიც მოხდა – დედა ამ ამბიდან მალე გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ ჩემმა დამ დედაჩემის საფულე გახსნა. იქ ნახა წერილი, ზუსტად ვერ ვციტირებ სიტყვებს, მაგრამ ასეთი რამ ეწერა: ღმერთო, გთხოვა, ბუკა დააბრუნე მოედანზე, კაპიტნად. თვითო ტკივილს ვერ გაუძლო და მაინც ჩემს კარიერაზე ფიქრობდა ბოლო მომენტამდე”.
სამწუხაროდ, მერაბს 2027 წელს ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე ვერ ვიხილავთ, ვერ შეძლებს დიდი სურვილის ასრულებას მაგრამ ახლა მისი ცხოვრების არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპია – 29 ნოემბერს იგი MMA-ს ოქტაგონზე გავა და თავის პირველ ჩაატარებს. მერაბი ღონისძიების მთავარ ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას. მისი მეტოქე პოლონელი პატრკ კონტნი იქნება.
მერაბ შარიქაძე 32 წლისაა, რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ შეყვარებული არაერთხელ ყოფილა, მაგრამ დაოჯახების გადაწყვეტილება არ მიუღია.
„შეყვარებული ინგლისშიც მყავდა და საქართველოშიც. საფრანგეთში არ მყოლია, სიმართლე გითხრათ, ფრანგი გოგონები მაინცდამაინც არც მომწონს. არ მინდა, უცხოელი შეყვარებული მყავდეს. ქართველი გოგონები ძალიან მომწონს, მაგრამ დისტანცია შეყვარებულებს პრობლემების მეტს არაფერს მოგვიტანს“, – ამბობდა მაშინ ბუკა.
ახლა ბუკა შარიქაძე შეყვარებულია – მისი რჩეული მშვენიერი ანანო კალაძეა. წყვილი უკვე რამდენიმე წელია, ერთადაა, სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებენ.




