“საქსტატის” 2024 წლის 10 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ექსპორტმა, მათ შორის რეექსპორტმა წელს 5.46 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 7.4%-ით მეტია.
2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (1 047.8 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (714.3 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (611.0 მლნ. აშშ დოლარი).
საქართველოს ექსპორტის მთავარი ბაზარი წლის ამ კონკრეტულ პერიოდში ყირგიზეთია, სადაც წელს 1.05 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიგზავნა.
“საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოდან ყირგიზეთში რეექსპორტის სახით გაიყიდა 964 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი. ყირგიზეთის სატატისტიკის მიხედვით საქართელოდან ამ ქვეყანაში შევიდა დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი. სად გაქრა 900 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი? რუსეთში “ჩარჩა” რა თქმა უნდა, რადგან ყირგიზეთში რუსეთის გავლით შედის მანქანები.
ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სანქციების გვერდის ავლას ნიშნავს,თანაც აშკარა ფორმით. ყირგიზეთში რომ შესულიყო და მერე რუსეთში დაებრუნებინათ, სამართლებლივად რაღაც გამართლება შეიძლება ჰქონოდა. ამაზე არც კი იწვალეს,”- აღნიშნა რომან გოცირიძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით „ბიზნესპარტნიორმა“ განმარტება “საქსტატის” აღმასრულებელ დირექტორს გოგიტა თოდრაძეს სთხოვა. უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ერთი ქვეყნის ექსპორტის პირდაპირ შედარება მეორე ქვეყნის იმპორტის მონაცემებთან არ არის რელევანტური.
“საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ორი ქვეყნის მონაცემებს შორის განსხვავება შესაძლოა აიხსნას რამდენიმე ობიექტური მიზეზებით. კერძოდ:
განსხვავება მეთოდოლოგიაში – ორი ქვეყნის მონაცემს შორის განსხვავების მიზეზი შესაძლოა იყოს სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენება. საგარეო ვაჭრობაში საქართველო იყენებს აღრიცხვის ,,ზოგად მეთოდს“, რაც ნიშნავს, რომ საქონლის ექსპორტ-იმპორტის აღრიცხვის ძირითადი კრიტერიუმია მის მიერ ქვეყნის ეკონომიკური ტერიტორიის საზღვრის გადაკვეთა. სხვა ქვეყანა (ამ შემტხვევაში ყირგიზეთი) კი შესაძლოა იყენებდეს განსხვავებულ მიდგომას („სპეციალურ“ მეთოდს).
მაგალითად, ექსპორტი A ქვეყნიდან B ქვეყანაში, სადაც საქონელი ინახება საწყობში, ჩაირთვება B ქვეყნის სტატისტიკაში, თუ B იყენებს აღრიცხვის „ზოგად“ მეთოდს, ხოლო არ ჩაირთვება, თუ B ქვეყანა იყენებს აღრიცხვის „სპეციალურ“ მეთოდს.
ასევე, მაგალითად, საქართველოს მიერ ყირგიზეთში ექსპორტირებული პროდუქცია (მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო დანიშნულების ქვეყანაა ყირგიზეთი) შესაძლოა სრულად არ გამოჩნდეს ყირგიზეთის მიერ საქართველოდან იმპორტირებულ პროდუქციაში, თუ ის მესამე ქვეყნის (მაგალითად აზერბაიჯანის და ყაზახეთის) გავლით შევიდა მის ტერიტორიაზე და შესაძლოა ჩაითვალოს იმ ქვეყნიდან განხორციელებულ იმპორტად, რომლიდანაც საზღვარი გადაკვეთა ბოლოს. შესაბამისად ეს შეიძლება იყოს განსხვავების მიზეზი.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ არის შემთხვევები, როდესაც მიმღები ქვეყანა იმპორტიორად აფიქსირებს საქონლის წარმოშობის ქვეყანას (მაგალითად აშშ, გერმანია) და არა საქონლის გამომგზავნ ქვეყანას (საქართველო), რომელმაც განახორციელა რეექსპორტი აღნიშნულ ქვეყანაში.
განსხვავება ფასებში – ექსპორტის აღრიცხვა ხდება FOB ფასში, ანუ ექსპორტიორი ქვეყნის ფრანკო-საზღვრის ფასებში (მოიცავს ექსპორტიორი ქვეყნის საზღვრამდე ტვირთის ტრანსპორტირებისა და სატრანსპორტო საშუალების ბორტზე დატვირთვის ხარჯებს), ხოლო იმპორტი – CIF, ანუ იმპორტიორი ქვეყნის ფრანკო-საზღვრის ფასებში (გარდა FOB ფასისა, მოიცავს საერთაშორისო ფრახტს და დაზღვევის ხარჯებს). აქედან გამომდინარე, ერთი ქვეყნის ექსპორტის შედარება მეორე ქვეყნი იმპორტის მონაცემებთან, აუცილებლად მოგვცემს განსხვავებას.
განსხვავება დროში – ერთი და იგივე გარიგება შეიძლება ჩაწერილი იყოს სხვადასხვა სააღრიცხვო პერიოდში (თვე, კვარტალი და ა.შ), ტრანსპორტირების დროის გამო. მაგალითად, საქართველოდან გერმანიაში რომელიმე კონკრეტული საქონლის ექსპორტი შესაძლოა განხორციელდეს დეკემბერში (შესაბამისად საქართველოსთვის ის ჩაითვლება დეკემბერში განხორციელებულ ექსპორტად), თუმცა ეს საქონელი ხანგრძლივი ტრანსპორტირების გამო შესაძლოა გერმანიაში აღმოჩნდეს იანვარში და აქედან გამომდინარე, გერმანიის სტატისტიკის მონაცემებში – ანუ საქართველოდან გერმანიაში იმპორტირებული საქონლის მონაცემებში აისახება იანვარში, რაც მონაცემებს შორის განსხვავების მიზეზი შეიძლება იყოს.
განსხვავების მიზეზი შეიძლება იყოს ასევე არასწორი ქვეყნის კოდის მინიჭება და სხვა ტექნიკური ხარვეზი.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ორი ქვეყნის ექსპორტისა და იმპორტის მონაცემებს შორის განსხვავების რეალური მიზეზის დასადგენად აუცილებელია „სარკისებური შედარებები“, რომელსაც ახორციელებენ ხოლმე სტატისტიკის სამსახურები საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა პერიოდულობით,”-აცხადებს “ბიზნესპარტნიორთან” გოგიტა თოდრაძე.