ერთი კვირაა, ნავალნის თანამებრძოლებსა და ადვოკატებს მისი ნახვის უფლებას არ აძლევენ

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ს თანამებრძოლების თქმით, ერთი კვირაა, რაც ნავალნი არავის უნახავს, მათ შორის, არც მის ადვოკატებს ეძლევათ მისი მონახულების საშუალება.
ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიში X-ზე წერს, რომ საპატიმრომ, სადაც ოპოზიციონერი 19-წლიან სასჯელს იხდის, სასამართლო სხდომაზე ნავალნის ვირტუალურად ჩართვაზე უარი თქვა და მიზეზად ტექნიკური პრობლემები დაასახელა.
“მეექვსე დღეა, არ ვიცით სად არის ალექსეი და რა სჭირს მას”. – წერს იარმიში.
იარმიშმა და ნავალნის კიდევ ერთმა თანამებრძოლმა, რუსლან შავატდინოვმა აღნიშნეს, რომ ნოემბრის ბოლოსკენ, საკვებისა და სუფთა ჰაერის უკმარისობის გამო ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
1 დეკემბერს, ნავალნიმ თქვა, რომ პროკურატურამ მას ახალი ბრალდება წაუყენა.
ნავალნი ამჟამად უკვე სასჯელს იხდის “თაღლითობისთვისა” და “ექსტრემიზმისთვის”. მისი სასჯელი ჯამში უკვე 30-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მისი თანაშემწეების მიხედვით, პროკურატურამ ნავალნის ბრალი ამჯერად სისხლის სამართლის 214 მუხლით წაუყენა, რაც ვანდალიზმსაც გულისხმობს.
“წარმოდგენა არ მაქვს, რა არის 214-ე მუხლი და შეუძლებელია მისი ნახვა. თქვენ ჩემზე ადრე გაიგებთ. ისინი მართლაც ახალ კრიმინალურ საქმეს იწყებენ ჩემ წინააღმდეგ ყოველ სამ თვეში. იშვიათად, რომ წელიწადზე მეტი დროის მანძილზე სამარტოო საკანში მყოფ პატიმარს ჰქონდეს ასეთი ენერგიული სოციალური და პოლიტიკური არსებობა”. – ამბობს ნავალნი.
ალექსეი ნავალნი თაღლითობის ბრალდებით უკვე 9-წლიან პატიმრობას იხდიდა ვლადიმირის რეგიონის მეექვსე კოლონიაში, რა დროსაც 19 აგვისტოს, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მას ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე დამატებით 19 წელი მიუსაჯა.
ამასთან ერთად, 13 ოქტომბერს მოსკოვში ალექსეი ნავალნის სამი ადვოკატი – ვადიმ კობზევი, ალექსეი ლიპცერი და იგორ სერგუნინი პოლიციამ დააკავა.
სამივე ადვოკატს “ექსტრემისტულ გაერთიანების” წევრობა ედება ბრალად. დაკავებულთა სახლებში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს.
კოლეგების დაკავების ფონზე, ოქტომბერში დატოვა ალექსეი ნავალნის მეოთხე ადვოკატმა ალექსანდრ ფედულოვმა.