ერთი ზედმეტი დღეც არ მისცეს, რომ საერთაშორისო მექანიზმების რესურსი ამოგვეწურა – ქათამაძის ადვოკატი

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ ორგანიზაცია – რომელიც „ბათუმელი მედროშის“ სახელით ცნობილ თემურ ქათამაძეს იცავდა, – გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისგან ელოდა პასუხს ქათამაძის საქმეზე, როდესაც ის გააძევეს.
წუხელ, 11 ივნისს, საქართველოდან თურქეთში გააძევეს „ბათუმელი მედროშის“ სახელით ცნობილი თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი), მუჰაჯირების შთამომავალი და პროევროპული აქციების მონაწილე.
ქათამაძე, რომელიც 13 წელია საქართველოში ცხოვრობს და უნაკლოდ მეტყველებს ქართულად, ათ წელზე მეტია, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად იბრძვის.
ინფორმაცია საქართველოდან თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ თავდაპირველად მისმა ცოლმა, ნინო კაკულიამ გაავრცელა.
მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ გუშინ, ღამის 12 საათზე გადიოდა თემურ ქათამაძისთვის ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა.
ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ „გაფფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა“.
-მ აღიარა, რომ 1 საათითაც არ დააყოვნა და თემურ ქათამაძე დაუყოვნებლივ იძულებით გააძევა საქართველოდან, ისე რომ მის პარტნიორთან და ჩვენთანაც კი ვერ გააზიარა ეს ამბავი“, – ასე ეხმაურება თამთა მიქელაძე დარახველიძის განცხადებას.
დარახველიძემ თქვა ისიც, რომ „დაცვის მხარემ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა სტრასბურგის სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა“.
თამთა მიქელაძე წერს, რომ სამინისტროს მესვეურებმა „კარგად იცოდნენ, რომ სტრასბურგის შემდეგ“, დაცვის მხარემ მიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს.
„ჩვენ მისი ინტერესების დაცვას საერთაშორისო მექანიზმების დროებითი ღონისძიებების გამოყენებით ვცდილობდით და ჯერ კიდევ კომუნიკაციაში ვიყავით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ამ საქმეზე, როცა გადაყვანა ასე სწრაფად მოხდა“, – წერს მიქელაძე.
„ერთი ზედმეტი დღეც არ მისცეს თემურ ქათამაძეს, რომ ბოლომდე ამოგვეწურა საერთაშორისო მექანიზმების რესურსი“, – წერს უფლებადამცველი.
თემურ ქათამაძე 2025 წლის იანვარში ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას გამოძიება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა.
56 წლის თემურ ქათამაძე გადაიყვანეს შსს-ის დროებითი განთავსების ცენტრში, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში შიმშილობდა.
როგორც ქათამაძემ რადიო თავისუფლებას წერილობით ინტერვიუში განუცხადა, 2023 წელს თბილისში თურქეთის საელჩომ აცნობა, რომ 2023 წლიდან თურქეთში გამოცემული იყო მისი დაკავების ორდერი.
„ჩემი აზრით, დაკავების ორდერის გაცემის მიზეზი არის გამოგონებული ცრუ ბრალდება – ფეთულა გიულენის „ჰიზმეთის“ მოძრაობის წევრობა. ამიტომაც თურქეთში შეკერილი საქმით დაპატიმრება და ციხეში ჩასმა მელოდება“, – გვეუბნებოდა თემურ ქათამაძე.
„ჩემი შეფასებით, ჩემი დაკავების მიზნის ნამდვილი მიზეზი თურქეთში ჩატარებული 40-წლიანი ქართული ეროვნული საქმიანობა არის, რომლითაც მე ვცდილობდი თურქეთის ეთნიკურ ქართველთა საზოგადოებაში ეროვნული ცნობიერების ჩანერგვას, წლების მანძილზე და ვმოღვაწეობდი ქართული იდენტობის, მშობლიური ენისა და კულტურის მომავალ თაობებზე გადაცემისთვის“, – გვწერდა იგი.
„თურქეთში ბატონი თემურის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით მაშინვე, როგორც კი დეტალებს გავიგებთ“, – აცხადებს თამთა მიქელაძე.
თემურ ქათამაძე ბათუმში საპროტესტო აქციებზე ყოველთვის საქართველოს დროშით ხელში იდგა – ჯერ კიდევ „აგენტების კანონის” წინააღმდეგ პროტესტის დროიდან, ბოლო უწყვეტი აქციების ჩათვლით.