ერთი დღე ჯარში“ – პროექტის ფარგლებში მე-5 საარტილერიო ბრიგადას თბილისისა და რუსთავის სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

ერთი დღე ჯარში“ – პროექტის ფარგლებში მე-5 საარტილერიო ბრიგადას თბილისისა და რუსთავის სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე პროექტი – „ერთი დღე ჯარში“ აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, ვაზიანის მე-5 საარტილერიო ბრიგადამ თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის 23-ე საჯარო, რუსთავის მე-9 საჯარო და თბილისის კერძო სკოლა „აისის“ 100-მდე მოსწავლეს უმასპინძლა. სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ მე-9 კლასების მოსწავლეები, რომელთა სასწავლო პროგრამაშია საგანი – „სამხედრო საქმე“.
მოზარდებს ჯარისკაცის ცხოვრების წესის, მათი ყოველდღიურობის გაცნობის, მათთან გასაუბრებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ. სტუმრებმა ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დიდი ინტერესით დაათვალიერეს. ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე გმირთა მემორიალთან, მოსწავლეებმა დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ვიზიტის დასასრულს კი, „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.
პროექტის – „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, რეგულარულად ხორციელდება მოსწავლეთა ვიზიტი ქვეყნის მასშტაბით თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფებში. პროექტი ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და საზოგადოებაში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ