ერთი დღე შეწყალების აქტამდე – სინდისის პატიმრების მშობლები “პირველებთან” ინტერვიუში აცხადებენ, რომ აქციებზე დაკავებულები “ქართულმა ოცნებამ” უპირობოდ უნდა გაათავისუფლოს. მათი თქმით, მათი შვილები ვერ აღიარებენ იმას, რაც არ დაუშავებიათ.
შერეული განცხადებები იყო, არიან პროპაგანდისტები, რომლებიც მიუთითებენ, რომ კარგი იქნება თუ გაუშვებენ სინდისის პატიმრებს, თუმცა არიან ადამიანები, ჩინოვნიკები და ასევე პროპაგანდისტებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუ აღიარებენ დანაშაულს, თუ მოინანიებენ და ა.შ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი აზრი მუსირებს იმიტომ, რომ გარედან, ოჯახებისგან განხორციელდეს გარკვეული მითითება პატიმრებზე, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგან. თუ მათ გაათავისუფლებენ უპირობოდ, უპირობო შეწყალება, ისე, როგორც ეს ხაზარაძე-ჯაფარიძის შემთხვევაში იყო, ეს იქნება მისაღები და ასევე უდო იქნება მისაღები თუ, რა თქმა უნდა, უდოს კანონის დაცვით თუ მოხდება და ამ შემთხვევაშიც არ მოითხოვენ პატიმრებისგან დამატებით ან აღიარებას, ან მონანიებას, – ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე.
სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედა ამბობს, რომ დაკავებულ ბიჭებს დიდად არ აქვთ იმედი, რომ მათ გაათავისუფლებენ.
თორნიკესთან მქონდა მოკლე პაემანი და კითხვა მასაც დავუსვი, რომ რას ფიქრობთ თქვენ და არაფერსო, მითხრა, ნუ ააგებთ კოშკებს, ჩვენ არ ვაგებთ კოშკებს, თუმცაღა სადღაც მაინც ვფიქრობთ, რომ შეიძლება. მე ვუთხარი, რომ ჩვენც ასე ვართ, შეიძლება, იმედს ვიტოვებთ-მეთქი. თუ არ იქნება,-მეთქი, მე ჩემს შვილს ვუთხარი, რომ აღარ იდარდოთ, რაღაცნაირად გაივლის ეს დროც და იქნებით თავისუფალი. ჭორები დადის, რომ უკვე სიები დაწერილია და ორშაბათს გადაეცემა პენიტენციურსო, – ამბობს თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძე.
ამავე აზრს იზიარებს გიორგი მინდაძის დედა, ნანი წულაია.
მე პირადად, რომ გიორგი მინდაძეს შეიწყალებს, მაგის იმედი არ მაქვს, იმიტომ, რომ მაგან ვერ ცნო ეს ბიჭები სინდისის პატიმრებად, თქვა, რომ აღიარონო, გადავხედავთ საკითხებს და იმის მიხედვითო და ჩემს შვილს უყვარს თავისი სამშობლო, მთელი ცხოვრება ეყვარება და იქნება მედგრად, – ამბობს გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაია.
საბა სხვიტარიძის დედა კი ამბობს, რომ სინდისის პატიმრების გათავისუფლებით “ოცნების” ხელისუფლება თავის სასიკეთო საქმესაც გააკეთებს.
ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, სასიკეთო იქნება, მაგრამ თვითონაც არ იქნებიან უხეიროდ, იმიტომ, რომ ფაქტობრივად, თვითონაც უნდა გადაარჩინონ თავიანთი თავი და თავიანთი შვილები ჩვენი უსამართლოდ დაკავებული პოლიტპაატიმრების ხარჯზე. ჩვენი მეგობარი ქვეყნები, რომლებიც გადაიმტერეს, რაღაცით ალბათ უნდათ, რომ სახელი დაიბრუნონ, – ამბობს საბა სხვიტარიძის დედა ელენე ახობაძე.
ყაველაშვილის ადმინისტრაცია შეწყალების სიაზე მუშაობას ასრულებს და არსებული ინფორმაციით, ორშაბათს დილით შეწყალებულთა გვარები პენიტენციურ დაწესებულებებს გადაეგზავნება, რის შემდეგაც პატიმრები ციხეებს დატოვებენ. ამ ეტაპზე უცნობია, ვის შეეხება შეწყალება. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შიგნით განიხილებოდა სინდისის პატიმრების ნაწილის შეწყალება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ დადასტურებულა.
ივანიშვილის გუნდში აცხადებენ, რომ კონკრეტულ სიაზე ინფორმაცია არ აქვთ და აღნიშნავენ, რომ შეწყალებას, მათი შეფასებით, წინ უნდა უძღოდეს „მონანიება“.




