„ერთი დიდი ტალახია ახალი გუდაური“ – ცოტნე ჯაფარიძე

„ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ისეთი ხდება. ერთი დიდი ტალახია ახალი გუდაური, გინდაც ძველი გუდაური“ – საქართველოს სამთო ტურიზმში არსებულ გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
„სეზონი დამთავრდა და უფრო ცუდი მდგომარეობაა ინფრასტრუქტურის მხრივ, ვიდრე სანამ სეზონი დაიწყებოდა. ჯერ კიდევ სექტემბერი-ოქტომბერში, სანამ თოვლი მოვიდოდა, მეც და ჩემი ბევრი კოლეგაც ვამბობდით, რომ გუდაურის გზა, კერძოდ მლეთას რომ აცდები და გუდაურის შიდა გზებიც, კატასტროფულ მდგომარეობაში იყო. ახლა საერთოდ, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ისეთი ხდება და ერთი დიდი ტალახია ახალი გუდაური, გინდაც ძველი გუდაური. მიდის ერთმანეთზე გადაბრალება, რომ თითქოს ამ ყველაფრის მიზეზია „რედკო“, რომელიც არის იქ ყველა შენობის მფლობელი. „რედკო“ სახელმწიფოსკენ იშვერს ხელს და ა.შ“, – აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.
მისი თქმით, კარგია ის, რომ გუდაურში ახალი საბაგირო დამონტაჟდა, მაგრამ როგორც „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ამბობს, საბაგირომდე მისვლაა საჭირო და ამისთვის აუცილებელია გზა.
„გზებიც უნდა გაკეთდეს, ისევე, როგორც პარკინგიც, ეს პრობლემაც უმწვავესია გუდაურში. არსებობს პრიორიტეტები, რის მიხედვითაც უნდა ლაგდებოდეს. ნამდვილად არ არის პრიორიტეტი ის, რომ ინფრასტრუქტურა განვავითაროთ იმიტომ, რომ რუსეთთან მეტი ვივაჭროთ“ – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.
წყარო: bpn.ge

ასევე დაგაინტერესებთ