პარლამენტი ბიზნესების და მომხმარებლების დაცვის მოტივით ახალ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას, რომლითაც ბარათით თუ საგადახდო სისტემის ოპერატორით გადახდების შესრულების მაქსიმალურ საკომისიოდ ოპერაციის ღირებულების 0.5% უნდა განისაზღვროს
„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი ამბობს, რომ არასწორია გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ერთ სექტორში მომუშავე ბიზნესს წაახალისებს, თუმცა მეორე მხარეს აზარალებს.
გიორგი კეპულაძის თქმით, პოსტერმინალებზე გადახდის საკომისიოს 0.5%-იანი ზღვრის დადგენა ბანკებს შემოსავალს მნიშვნელოვნად შეუმცირებს და სავარაუდოდ, გავლენა ექნება ლოალობის პროგრამებზე, რომლებსაც ბანკები პოსტერმინალებზე გადახდების დროს მომხმარებლებს სთავაზობენ.
“საკომისიოები ზოგადად მტკივნეული თემაა და ტენდენცია უნდა იყოს იქითკენ, რომ ნელ-ნელა მცირდებოდეს. სხვადასხვა ტიპის საკომისიოებია, მოგეხსენებათ ბანკებში და სამწუხაროდ დიდი წილი აქვს მას ბანკის შემოსავლებში, მაგრამ ერთბაშად ორჯერ და სამჯერ საკომისიოს შემცირება, თუ ეს არ არის კოორდინირებული საბანკო სექტორთან, მათთან ერთად არ არის შესწავლილი და ბაზარი არ არის ამისთვის მზად, შეიძლება არ ჰქონდეს ამას კარგი ეფექტი.
საშუალოდ 100 ლარიდან, რომელსაც ვიხდით ბარათით, ორი-სამი ლარი, მიაქვს ბანკს, ანუ ამას იხდის თავად ეს სავაჭრო ობიექტი. ასევე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ის, რომ სავაჭრო ობიექტი ამას, რა თქმა უნდა, შემდეგ ფასში ასახავს, საბოლოო ჯამში მომხმარებლები ვიხდით ამ საკომისიოს და თუ შემცირდება, იმედია, რომ მომხმარებლისთვისაც შემცირდება პროდუქციის ან მომსახურების ფასი, იმის ხარჯზე, რომ საკომისიო არის ნაკლები.
ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საკომისიოების შემცირება გამოიწვევს სხვადასხვა ტიპის ლოიალობის პროგრამების, ქულების დაგროვების პროგრამების შემცირებასაც. ბიზნესის ერთ ნაწილს გავუკეთოთ შეღავათი ბიზნესის მეორე ნაწილის ხარჯზე, არ ვიცი რამდენად სწორია,”- ამბობს გიორგი კეპულაძე,
კანონპროექტის ავტორია “ოცნების” პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძეა, რომელიც ჯერჯერობით ინიციატივის დეტალებზე არ საუბრობს. განხილვების დაწყებამდე კომენტარს არ აკეთებს არც ეროვნული ბანკი, ასევე უცნობია როგორია საკანონმდებლო ინიციატივაზე უშუალოდ საბანკო სექტორის შეფასება დარგობრივი ასოციაცია საკითხის შეფასებას წევრებთან მსჯელობის შემდეგ დაგვპირდა.
bpn.ge
