„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე – ქუთაისს დაუბრუნდება საპარლამენტო და პოლიტიკური ცენტრის სტატუსი, გაფართოვდება აეროპორტი

ვპირდებით ქუთაისელებს, რომ ქუთაისს დაუბრუნდება საპარლამენტო და პოლიტიკური ცენტრის სტატუსი, გაფართოვდება დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, რომელსაც ქუთაისის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ხათუნა არველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ „ხელშეკრულებას აფორმებს ქუთაისელ ამომრჩეველთან, რომელსაც ხელს აწერს“.
„არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი. წარმოგიდგენთ ხელშეკრულებას ქუთაისთან, რომელსაც ხელს საქართველოს მესამე პრეზიდენტი აწერს. ის დღეს უკანონო პატიმრობაშია და პუტინის, რუსული ხელისუფლების ტყვეა. მან ძალიან ბევრი გააკეთა ქუთაისისთვის და ქუთაისის უპერსპექტივობა ყველაზე მეტად აწუხებს. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ გაიზრდება შემოსავლები, გაძლიერდება ოჯახები, პენსიონერებს გაუნულდებათ საპენსიო სესხები, პენსია 1000 ლარამდე გაეზრდებათ, დასრულდება ფასების მაფია. განსაკუთრებული ყურადღება მინდა მივაქციო ქუთაისელებისთვის იმ ჩანაწერს, სადაც ქუთაისელებს ვპირდებით, რომ პარლამენტი ქუთაისში დაბრუნდება, ქუთაისს დაუბრუნდება საპარლამენტო და პოლიტიკური ცენტრის სტატუსი. შესაბამისად, გაფართოვდება დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქუთაისის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს, საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ ევროპულ კეთილდღეობას და უარს ეტყვიან სიღარიბეს იზოლაციაში. ქუთაისელები აირჩევენ საპარლამენტო ქალაქში ცხოვრებას და უარს ეტყვიან იმ სიდუხჭირეს და უპერსპექტივობას, რაც დღეს ქალაქშია“, – განაცხადა ხათუნა არველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ