ერთიანი ციფრული საინფორმაციო ფონდი შეიქმნა – GeorgiaAI-თ სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც Chat GPT Plus-ის გამომწერია

ერთიანი ციფრული საინფორმაციო ფონდი შეიქმნა – GeorgiaAI-თ სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც Chat GPT Plus-ის გამომწერია
„ცნობადობის გაზრდა უნდა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რომ GeorgiaAI-ს მსგავსი პროექტების მიმღებლობა გაიზარდოს“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას BTU-ს პროექტების და მარკეტინგის მენეჯერმა თორნიკე ბოლქვაძემ ერთიანი ციფრული საინფორმაციო ფონდზე, GeorgiaAI-ზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, GeorgiaAI-თ სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც Chat GPT Plus-ის გამომწერია და მისი თვიური საფასური 20$-ია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ფონდი BTU-სა და „პალიტრა ჰოლდინგის“ თანამშრომლობით ერთიანი ციფრული საინფორმაციო ფონდი შეიქმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ მუშავდება. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ციფრული საინფორმაციო ბაზა, მნიშვნელოვანი რესურსი იქნება ეკონომისტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, განათლების სპეციალისტებისთვის და პოლიტიკოსებისთვის. ისინი შეძლებენ, წვდომა ჰქონდეთ საქართველოში წლების განმავლობაში დაგროვებულ ინფორმაციაზე და ის საკუთარი საქმიანობისთვის გამოიყენონ.
„კომერსანტი“ BTU-ს პროექტების და მარკეტინგის მენეჯერმა თორნიკე ბოლქვაძეს GeorgiaAI-ს შექმნის, მუშაობის სპეციფიკის, გამოწვევებისა და გეგმების შესახებ ესაუბრა.
რას წარმოადგენს GeorgiaAI?
თორნიკე ბოლქვაძე, BTU-ს პროექტების და მარკეტინგის მენეჯერმა: GeorgiaAI არის ChatGPT-ის ერთ-ერთი ფუნქციონალი, GPT Builder-ი, რომელიც გაძლევს საშუალებას, რომ მონაცემების მიცემით შენ თვითონვე შექმნა „შენივე GPT“, რომელსაც ასწავლი, ატრენინგებ და ამ მონაცემებზე დაყრდნობით გაძლევს პასუხებს. აღნიშნული პროექტი „პალიტრა ელ“-თან თანამშრომლობით გავაკეთეთ. მათგან მივიღეთ 2010 წლიდან ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური, ეკონომიკური, ბიზნეს თუ სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების ერთობლიობა. ეს მონაცემები შევიყვანეთ, ვასწავლეთ ისიც, რაც საჯაროდ არ იყო გამოტანილი და GeorgiaAI-მ იდეალურად იცის საქართველოში განვითარებული მოვლენები. ეკონომიკურ ნაწილში კარგად აკეთებს 10 წლის ეკონომიკური მოვლენების ანალიზს და შეუძლია გააკეთოს სამომავლო პროგნოზები და „ფორკასტები“. ამ ეტაპზე ხდება მონაცემების დამატება, მაქსიმალურად სწორად უნდა მისცე ინფორმაცია, რომ სწორი პასუხი დაგიბრუნოს. მთელი ეს ინფორმაცია ინგლისურად მივაწოდეთ. ფუნქციონალი მათთვისაა ხელმისაწვდომი, ვისაც GPT Plus აქვს.
GeorgiaAI-სთვის მონაცემების და ინფორმაციის მიწოდება დასრულებულია?
ინფორმაცია სულ ახლდება. ჩვენ მოვიცავით ის პლატფორმები და საკომუნიკაციო არხები, რომლებიც „პალიტრას“ ქოლგის ქვეშაა – „პალიტრანიუსი“, ambebi.ge, bpn.
მიმდინარე ამბებსაც ამატებთ?
ახლა ვაპირებთ, რომ GeorgiaAI ავტომატურად უკავშირდებოდეს განახლებულ ინფორმაციას და ყოველდღიურად იცოდეს რა ხდება ქვეყანაში. თუმცა, ეს დროში გაწელილი პროცესია. ამ ეტაპზე ambebi.ge-ის შეყვანა მიმდინარეობს და მაქსიმალურად ვტვირთავთ ამ მონაცემებს, რომ GeorgiaAI-ს მეტი ცოდნა ჰქონდეს.
ანუ GeorgiaAI-ს იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მას მიაწოდეთ 2010 წლიდან პალიტრას ქოლგის ქვეშ არსებული მედიაპლატფორმებზე არსებული ინფორმაცია და მან უნდა დააგენერიროს ეს ინფორმაცია და კვლევები და პროგნოზები გააკეთოს?
მას ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია. „2010 წლიდან“ პირობითად გითხარით, შეიძლება მას 2002 წლიდანაც ჰქონდეს ინფორმაცია, 2005-დანაც. მთავარი მიზანი ისაა, რომ ეს ინფორმაცია ჰქონოდა და ადამიანი რაში გამოიყენებს, ეს ინდივიდუალურია. ბმული კეთდება, ამ ბმულს აზიარებ და შემდეგ. ამით სარგებლობა შესაძლებელია, თუ GPT Plus-ის ხელმომწერი ხარ. ხელმოწერა თვეში 20$ ღირს და თუ ხართ გამომწერი, მაშინ შეგიძლიათ GeorgiaAI-თ სარგებლობა. ამ ეტაპზე ასე აქვს OpenAI-ს, მხოლოდ ფასიანი მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.
GeorgiaAI -ს რამდენიმე კვლევა უკვე გავრცელდა მედიაში, მათ შორის უძრავ ქონებაზე, ტურიზმზე, საზღვაო გადაზიდვებზე. ე.ი. ეს არის GeorgiaAI-ს კვლევა, რომელიც კონკრეტულმა მედიასაშუალებამ გააკეთა?
დიახ. ვიღაცას შეიძლება აინტერესებდეს უძრავი ქონება, შევიდეს და ჰკითხოს; ვიღაცას შეიძლება აინტერესებდეს ბოლო 10 წლის პოლიტიკური ამბები. როგორც გითხარით ეს ინდივიდუალურია.
რა გეგმები აქვს GeorgiaAI-ს?
აქ მეგა მონაცემებზეა საუბარია, მათ დამუშავება, გადათარგმნა სჭირდება. სამომავლოდ მონაცემები დაემატება. OpenAI რამდენადაც შეცვლის თავის პროდუქტს, იმდენად შეიცვლება ჩვენიც. რაღაც ლიმიტი გვაქვს მონაცემების, იმაზე მეტის ატვირთვის შესაძლებლობას არ გაძლევს. ეს გვაფერხებს, მაგრამ როცა მონაცემების „ამტანადობა“ გაიზრდება, ჩვენც მეტ მონაცემებს მივაწვდით GeorgiaAI-ს.
რა გამოწვევების წინაშე ხართ? საზოგადოებამ რომ უფრო მეტად სანდოდ აღიქვას ეს ინფორმაცია და კვლევები, ცნობადობის გაზრდა ხომ არაა საჭირო?
ზოგადად, ცნობადობის გაზრდა უნდა მოხდეს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რომ მსგავსი პროექტების მიმღებლობა გაიზარდოს მომხმარებელში. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პროექტი, ხელოვნური ინტელექტის პროდუქტია და რაც უფრო ენდობა ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს, ბუნებრივია – ენდობა GeorgiaAI -ს.