ერთიანი ნეიტრალური საქართველო: მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა დატოვოს საერთაშორისო ხელშეკრულებები თუ ორგანიზაციები

„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ეუთო/ოდირის მოსკოვის მექანიზმის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათი განცხადებით, „აღარ არის საკმარისი ევრობიუროკრატიის მხილება და კრიტიკა, არამედ საჭიროა საბოლოოდ მოვიშოროთ თავსმოხვეული შეთანხმებები და ვალდებულებები, რაც  გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“.

„ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სრულ ფარსად გადაიქცა საერთაშორისო შეთანხმებები და გაერთიანებები. ფაქტია, რომ აღარ არსებობს ის ღირებულებები, რასაც ოდესღაც დეკლარირებდნენ აღნიშნული ორგანიზაციები.

რთული იქნება რომელიმე კონკრეტული ჩანაწერის გამოყოფა, რადგან ანგარიში მთლიანად სიცრუეს ეფუძნება. საერთო ჯამში, მოსკოვის მექანიზმის დასკვნა გვეუბნება, რომ ადამიანის უფლებები ეს არის – ლგბტ პროპაგანდა, ხოლო დემოკრატია – კოლექტიური ნაცმოძრაობის მმართველობა.

საერთაშორისო შეთანხმებების და ვალდებულებების ფორმატები გლობალურად კარგავს ფუნქციას, რადგან ბოლომდე ირღვევა ის მსოფლიო წესრიგი, რომლის ნაყოფსაც ისინი წარმოადგენდნენ. როგორც ცნობილია, სულ რამდენიმე თვის წინ 70-მდე ასეთი ხელშეკრულებიდან გავიდა.

სრული უფუნქციობის პირობებში, ამგვარი ფორმატები, იქნება ეს ეუთო, ვენეციის კომისია თუ სხვა, სრულად ჩამოყალიბდა ოლიგარქიული ოჯახების ინსტრუმენტად, რასაც საკუთარი პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზნებისთვის იყენებენ.

უცვლელია საქართველოში ხელისუფლების დამხობის და მისი აგენტურით ჩანაცვლების სცენარი, და ეუთოს დასკვნა, ისევე როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია თუ სხვა მექანიზმები, გასული წლების მსგავსად, ასრულებს რევოლუციური პროცესებისთვის „საწვავის“ როლს.

ასეთ რეალობაში მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა დატოვოს აბსოლუტურ ფარსად და მხოლოდ შანტაჟის იარაღად გადაქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები თუ ორგანიზაციები. საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია ხელისუფლებას ამ ვალდებულებების შესრულება, როდესაც ჩვენგან ითხოვენ, რომ უარი ვთქვათ საკუთარ სარწმუნოებაზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, სუვერენიტეტზე და ხელისუფლებაში დავაბრუნოთ აგენტურული ქსელი. არ არსებობს სხვა რაიმე ობიექტური შეფასების კრიტერიუმი, და ეს ვითარება მომავალში არათუ გაუმჯობესდება, არამედ დეგრადაციის დონე ყველა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება.

მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ აღარ არის საკმარისი ევრობიუროკრატიის მხილება და კრიტიკა, არამედ საჭიროა საბოლოოდ მოვიშოროთ თავსმოხვეული შეთანხმებები და ვალდებულებები, რომელთაც არ გააჩნიათ არანაირი პოზიტიური ეფექტი ჩვენი ხალხისა თუ ქვეყნისთვის და გამოყენებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.


მოსკოვის მექანიზმი ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად 29 იანვარს აამოქმედა – შეიქმნა ექსპერტებით დაკომპლექტებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი მისია, რომელმაც ვითარება შეისწავლა და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.

ანგარიშში, რომელიც თითქმის 200-გვერდიანია, დეტალურად აღწერილია 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში არსებული ვითარება, დემოკრატიული უკუსვლა, ადამიანის უფლებების, მედიის გაუარესებული მდგომარეობა, საპროტესტო აქციის მონაწილეების და ოპოზიციის დევნა, რეპრესიები განსხვავებული აზრის მიმართ, პოლიტიკური პატიმრების არსებობა, რეპრესიული კანონმდებლობა და სხვა, და გაცემულია სათანადო რეკომენდაციები.


ეუთოს მოსკოვის მექნიზმი 1991 წელს ამოქმედდა. როგორც ვენის, ისე მოსკოვის მექანიზმი შეიქმნა ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით.

ეუთოს მოსკოვის მექანიზმი შესაძლებლობას აძლევს ეუთოს წევრ ქვეყნებს, გამოიძიონ „სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ“ ამა თუ იმ ქვეყანაში, ამ ქვეყნის ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.

ამ დრომდე ეუთომ მოსკოვის მექანიზმი 16-ჯერ გაააქტიურა – საქართველოს შემთხვევა მეჩვიდმეტეა.

მანამდე ეუთოს მოსკოვის მექანიზმი გამოყენებული აქვს, მათ შორის: მოქალაქეებზე თავდასხმების შესასწავლად ხორვატიასა და ბოსნიაში; ასევე, ვითარების შესასწავლად თურქმენეთში, ბელორუსსა და ჩეჩნეთში.

წყარო

 

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა