„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებას მართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს.
დღევანდელ შეკრებაზე პარტიის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია გამოცხადდება.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტს მოაწერენ ხელს.
დღევანდელ შეკრებას პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ესწრებიან.
შეკრებაზე “ვარდების რევოლუციის” წლისთავთან დაკავშირებით სიმბოლურად ვარდები აქვთ მოტანილი.
ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ვინც დღევანდელ მანიფესტს ხელს არ მოაწერს, ეს იქნება ერთგვარი განაცხადი, რომ ისინი უარს ამბობენ პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობაზე.
“ველოდებით, რომ ყველა ადამიანი, ვინც მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლად თავს, დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს და თუ არ მიიღებს, საჯაროდ მაინც დააფიქსირებს პოზიციას, რომ უერთდება მანიფესტს. თუ ადამიანები საჯაროდ გაემიჯნებიან და არ შეუერთდებიან მანიფესტს, ამ შემთხვევაში, ეს იქნება მათი გადაწყვეტილება, რომ ფაქტობრივად, უარი თქვან პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე, იმიტომ, რომ პარტიული საქმიანობა ეფუძნება იმ მიზნებს, რომელიც ამ მანიფესტში არის ასახული”,-განაცხადა ფავლენიშვილმა.
რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესაძლო დასახელებას, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჯერ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია.
“თუმცა, ის, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე, მან ეს ასევე განაცხადა, მათ შორის პარტიის მართვის პროცესზეც”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ის ასევე პარტიაში რაიმე ტიპის განხეთქილებას უარყოფს.
“დღეს არის დღე, როდესაც საზეიმო ვითარებაში აღვნიშნავთ “ვარდების რევოლუციის” 20 წლის იუბილეს. ეს ღირებულებები არ გამქრალა. მიხეილ სააკაშვილიც უფრო აქტიურად აპირებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას, ამიტომ “ნაციონალურ მოძრაობას” ემუქრება ერთადერთი რამ, ეს არის გაძლიერება და ხელისუფლებაში მოსვლა”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო