ერთიანი ბიზნესის ძალა ძალიან ძლიერია, რომელსაც შესაძლებლობა აქვს უკარნახოს მთავრობას რამე არასწორს თუ აკეთებს – ასე მიიჩნევს ექსპრემიერი და კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური.
BMG TV-ის გადაცემა “ბიზნესის კვირეულში”, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებასა და ამ პროცესში თავისუფალ ბიზნესზე საუბრობდნენ, ბიზნესმენებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავისი აზრი და მთავრობას ახალი არჩევნების დანიშვნის და საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა განთავისუფლების მოთხოვნები გააჟღერეს.
გადაცემაში სტუმრობისას ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ გასულ კვირას “ბიზნესის კვირეულში” ბიზნესის გაცხადებული პოზიცია უპრეცედენტო იყო და ის “თავისუფალი ბიზნესის სახეა”. Reformatics-ის დამფუძნებელს სჯერა, რომ პროცესი შეუქცევადია და მომავალში ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
“გასულ კვირას დავინახეთ ქართული ბიზნესის სახე, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა ბიზნესმა დააფიქსირა თავისი პოზიცია ქვეყნის განვითარებასა და პოლიტიკასთან დაკავშირებით, არა რომელიმე საგადასახადო კოდექსზე, არამედ ქვეყნის განვითარების ვექტორთან დაკავშირებით, რაც უმნიშვნელოვანესია. ეს პროცესი ახალი, თავისუფალი ბიზნესის სახეა. ძალიან ბევრჯერ ბიზნესმენებისგან გამიგია, რომ ისინი ბიზნესში არიან და მთავრობისკენ და მთავრობის ნაწილი უნდა იყვნენ, არადა სინამდვილეში თუ ბიზნესი ერთად დადგება, ერთიანი ბიზნესის ძალა ძალიან ძლიერია და ერთიან ბიზნესს შესაძლებლობა აქვთ უკარნახოს რამე არასწორს თუ აკეთებს მთავრობა. სწორედ ეს არის ევროპული და ამერიკული ბიზნესი, როდესაც ბიზნესს თავისი ძალა აქვს, ის იხდის გადასახადებს, რომლითაც ცხოვრობს მთავრობა, განკარგავს ამ გადასახადებს, ხელფასებს და პენსიებს გასცემს. ბიზნესს შესაძლებლობა აქვს ბევრად უფრო მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. დღეს ვხედავთ ამ გადატეხის პროცესს, როდესაც ბიზნესი ერთად დგას და ერთად აფიქსირებს თავის უკმაყოფილებას და პოზიციას. მგონია, რომ ეს შეუქცევადი პროცესია და ერთჯერადად კი არ მოხდება, არამედ ჩვენ მომავალში ბიზნესის ძალიან მნიშვნელოვან როლს ვნახავთ ქვეყნის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ განვითარებაში. მომავალში ბიზნესი აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას”, – განაცხადა ნიკა გილაურმა.
Reformatics-ის დამფუძნებელი აღნიშნავს იმასაც, რომ მისი კომპანია, რომელიც 2013 წელს ჩამოყალიბდა 30 ქვეყნის მთავრობასთან საკონსულტაციო მომსახურებას რეფორმებთან, ეკონომიკურ განვითარებასთან, ინვესტიციების მოზიდვასთან, კრიზისების მენეჯმენტთან დაკავშირებით აწვდის და ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობასთან არც ერთი ხელშეკრულება არ ჰქონიათ.
ნიკა გილაურმა გადაცემაში კომპანიის მიერ 2025 წლის პირველ კვარტალში არსებული პროგნოზების დეტალური ანალიზის პრეზენტაცია დააანონსა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკა კოლაფსის წინ დგას.