“ერთად შევქმნათ ციფრული საახალწლო ბაზრობა“ – ertobit.ge-ის ინიციატივა

„ყველა იმ სტარტაპს თუ მცირე ბიზნესს, რომელიც გამოეყო თბილისის მერიის საახალწლო ღონისძიებებს, ჩვენს ვებსაიტზე შევუქმნით ცალკე გვერდს“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პლატფორმა Www.ertobit.ge-ის თანადამფუძნებელი ნიკა მარღანია წერს.
ამ ინიციატივით გამოეხმაურა ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის ინიციატივას, საახალწლო საჩუქრები შევიძინოთ მხოლოდ იმ ბიზნესებისგან, ვინც პროევროპულ აქციებს მხარს უჭერს და უარს აცხადებს საშობაო სოფელში მონაწილეობაზე.
„მეგობრებო, მინდა გაგაცნოთ ძალიან მაგარი ინიციატივა, რომელსაც მეც ვუერთდები.
Www.ertobit.ge-მ გადავწყვიტეთ, ჩვენი მხრიდან დავეხმაროთ ამ ადამიანებს, როგორც ისინი იჩენენ მხარდაჭერას ჩვენდამი. ამიტომ ყველა ის თუ მცირე ბიზნესი, რომელიც გამოეყო თბილისის მერიის საახალწლო ღონისძიებებს, ჩვენს ვებსაიტზე შევუქმნით ცალკე გვერდს, სადაც თქვენ შეძლებთ ნახოთ მათ შესახებ ინფორმაცია და სურვილისამებრ შეიძინოთ მათი პროდუქცია.
ვისაც მოგეპოვებათ მსგავს სტარტაპ-კომპანიებზე ინფორმაცია, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ, რომ უფრო ეფექტურად შევძლოთ მათი დახმარება.
ერთად შევქმნათ ციფრული საახალწლო ბაზრობა და გავულამაზოთ ამ რთულ დღეებში ჩვენს საყვარელ ადამიანებს საახალწლო ღამე“, – წერს ნიკა მარღანია.