,, ერთადერთ ნაბიჯად მედიცინაში “ღიმილიანი საქართველოს” პროექტი დატოვეთ, კბილები დააძვრეთ ხალხს და მართლაც გაღიმებული დატოვეთ” – ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში
ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში – დეპუტატებმა ჯერ ბიუროს სხდომაზე იჩხუბეს, შემდეგ კი დაპირისპირება სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. კამათის მიზეზი “ოცნების” უარი გახდა, რომელმაც რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დასაწესებლად ოპოზიციის ინიციირებული ყველა კანონპროექტის განხილვაზე უარი განაცხადა.
იჩხუბეს სალომე სამადაშვილმა და ირაკლი ზარქუამაც. “ლელოს” ლიდერი “ოცნების” რუსულ პოლიტიკას აკრიტიკებდა, ზარქუამ კი სამადაშვილს “მოღალატე” უწოდა.
მე მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რა გააკეთა ამ რუსულმა პოლიტიკურმა ძალამ მათი მმართველობის პერიოდში. ექსპორტი ჩვენი ქვეყნიდან, რუსეთში გასული საქონლის ექსპორტი გაზარდა 7-ჯერ ანუ 7-ჯერ მეტად არის დღეს დამოკიდებული ჩვენი ქვეყანა რუსეთზე, ვიდრე ეს რუსები ჩაიგდებდნენ ხელში პოლიტიკური ძალაუფლებას. 2.5-ჯერ გაიზარდა ჩვენი დამოკიდებულება რუსეთიდან შემოსული საქონლის თვალსაზრისით და დღეს თქვენ, ძვირფასო თანამოქალაქეებო, სტუდენტებო, რომლებიც ვერ ქირაობთ ბინას თბილისში, იმიტომ, რომ ძალიან გაგიძვირდათ ცხოვრება, უნდა იცოდეთ, რომ ეს არის ამ ხალხის დამსახურება, ვინც აქ სხედან, პარლამენტში დღეს და უმრავლესობის სახელით საქართველოს პარლამენტში იცავენ რუსეთის მოქალაქეების ინტერესებს, – თქვა დღეს სამადაშვილმა.
დღევანდელ სხდომაზე ხელისუფლებას არც მიხეილ სააკაშვილზე საუბარი დავიწყებია. “ოცნების” დეპუტატი ირმა ზავრადაშვილმა სააკაშვილს და სრულიად ოპოზიციას ისევ “რადიკალები” უწოდა და თან ამტკიცებდა, რომ “ოცნება” მათგან განსხვავებით საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნავს.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში, თბილისის ერთ-ერთ ჩვეულებრივ კლინიკაში, ადამიანი სრულიად განიკურნა დემენციისგან, მძიმე მეტალებით მოწამვლისგან, კახექსიისგან და რამდენიმე ათეული სხვა უმძიმესი დაავადებებისგან. მედიცინამ შეუძლებელი შეძლო და ეს ადამიანი განკურნა, თანაც ისე, რომ კლინიკიდან აძლევს ბრძანებას პარტიას. რადიკალური ოპოზიცია “ქართული ოცნების” გულანთებული ჯარისკაცების დისკრედიტაციის მიზნით კომიკურად გაიძახის “რუსი”, “რუსმა”, “რუსს”, “რუსის”, “რუსით”, “რუსად”, “რუსო”. ჩვენი და სამწუხაროდ, თქვენი ხელისუფლებაც გასიგრაძნებული პასუხისმგებლობით ზრუნავს თავის მოსახლეობაზე. ცდილობს დაიცვას თქვენგან და გარე საფრთხეებისგან. დიახ, თქვენგან, ვინც ერთადერთ ნაბიჯად მედიცინაში “ღიმილიანი საქართველოს” პროექტი დატოვეთ, კბილები დააძვრეთ ხალხს და მართლაც გაღიმებული დატოვეთ, – თქვა ირმა ზავრადაშვილმა.