„ერთ-ერთ პროექტში პირდაპირ კრძალავენ სოციალური რეკლამის გაყიდვას. არ არის საუბარი მხოლოდ უცხოურ აქტორებზე, საერთოდ სოციალურ რეკლამას ვეღარ გაყიდის მაუწყებელი,“ – ამის შესახებ რადიოგადაცემაში „საქმე“ „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორმა, მედიაექსპერტმა, ნათია კუპრაშვილმა მედიის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„მედიის შესახებ“ კანონში დაინიცირებული ცვლილებები არ ეხება მხოლოდ დონორ ორგანიზაციებს. მაუწყებლობის შესახებ კანონი მომზადებული აქვთ ორ პროექტად. ერთ-ერთ პროექტში პირდაპირ კრძალავენ სოციალური რეკლამის გაყიდვას. არ არის საუბარი მხოლოდ უცხოურ აქტორებზე, საერთოდ სოციალურ რეკლამას ვეღარ გაყიდის მაუწყებელი. ადგნენ და ბიზნესს პირდაპირ უთხრეს, რომ ამ რეკლამას შენ ვეღარ გაყიდი, გინდა უცხოელი იყოს მყიდველი და გინდა შინაური.
რეგიონალური ტელევიზიების შემთხვევაში, წმინდა დონორული მხარდაჭერა იყო მხოლოდ 5%. როდესაც უცხოურ დაფინანსებაზე ვსაუბრობთ, ეს არ ეხება მხოლოდ მატერიალურ მხარეს. მაგალითად, დოკუმენტში წერია, არამხოლოდ ფინანსური ურთიერთობა, არამედ სხვა ტიპის ურთიერთობაც, მაგალითად ფროდაქშენი – როცა შენ სხვასთან ერთად რაიმე სახის პროდუქტს აწარმოებ {გვქონდა მსგავსი ტიპის კონტრაქტები, სადაც ერთად ვიღებდით ფილმს, ან კოოპერაციას ვაწარმოებდით ვინმესთან}. ყველაფერს კრძალავენ, მათ შორის, ეს ეხება ფიზიკურ პირებსაც. მაგალითად, ემიგრანტები, რომლებსაც არ აქვთ საქართველოს მოქალაქეობა და არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათზეც მოქმედებს ეს კანონი, მათ აღარ შეუძლიათ მაუწყებლობებთან თანამშრომლობა.
2015 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნება“ ქმნიდა კანონებს, რომელიც რაღაცას უკრძალავდა მაუწყებლობებს. შეზღუდა სპონსორობა და ფროდაქთმეისმენთი, შემდეგ შეცვალა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი, რაც იყო არასწორი. მასაც მისცა საშუალება, რომ რასაც გარანტირებული ფულით ქმნიდა, ის პროდუქტი სარეკლამო ბაზარზე გაეყიდა.
ჩემი კოლეგა სამოქალაქო სექტორი, თავის ანგარიშებში ხაზს უსვამდა, რომ რეგიონალური ტელევიზიები ძირითადად ადგილობრივ თვითმმართველობაზე იყვნენ დამოკიდებული. გამონაკლისი იყო მხოლოდ რამდენიმე ტელევიზია. ასეთ დაფინანსებას ჩვენთან პოლიტიკური მდგენელიც მოყვება, ამიტომ ძალიან ბევრი მედია ამბობდა უარს მსგავსი ტიპის დაფინანსებაზე. საბოლოო ჯამში გვეუბნებიან, რომ ერთადერთი შანსი თუ გინდა იარსებო არის თვითმმართველობის ფული, ოღონდ ამ თვითმმართველობის ფულს აუცილებლად მოყვება დავალებები,“ – განაცხადა კუპრაშვილმა და დაამატა, რომ „ქართული ოცნება“ ახალ კანონებს იღებს, იმისთვის რომ მედია თვითონ დაიხუროს, არ იყოს საინტერესო და აღარ აკეთებდე მნიშვნელოვან შინაარს.
„ყველაფერი, რაც მედიას თვითრეგულირებაში გვქონდა, გადადის რეგულირებაში. ჯერ კიდევ წინა პარლამენტის დროს ისეთი ტიპის რეგულირებები აამოქმედეს, „ქართულ ოცნებას“ თუ პოლიტიკური ნება ექნებოდა, ახლაც შეუძლია ნებისმიერი ტიპის მაუწყებლის სანქცირება ან დახურვა. ახლა უნდათ ცენზურის გაძლიერება ისე, რომ არავის მოუნდეს მედიაში მუშაობა.
ისეთ კანონებს იღებენ, როცა არაფრის უფლება გაქვს, არც ჩაწერის, არც გადაღების. უნდათ ამ კუთხით პრობლემების შექმნა, თვითცენზურის გაძლიერება მედიაში, რომ ხვალ და ზეგ არავის არ მოუნდეს მუშაობა მედიაში. „ქართული ოცნება“ კანონებს იღებს, იმისთვის რომ თვითონ დაიხურო და განადგურდე, არ იყო საინტერესო და აღარ აკეთებდე მნიშვნელოვან შინაარსს.
რაც შეეხება სანქციებს, დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა წლიური შემოსავლის 0.5%-დან იწყება, მაგრამ თუ შემოსავლები არ გვექნება ამასაც ვერ გადაიხდი. რეალურად, შინაარსს ჩვენ ენთუზიაზმით ვაკეთებთ. მე რეგიონული ტელევიზიებისთვის წლებია უფასოდ ვმუშაობ, არ ვიღებ ხელფასს. საარსებო მინიმუმს მიღმა არის ის ანაზღაურება, რასაც ჩემი კოლეგები რეგიონულ მედიაში გამოიმუშავებენ. ამ კანონებით მედიას ეუბნებიან ფული არ გექნებათ და შინაარსსაც დაანებეთ თავიო.
მე არ ველოდები, რომ ამ კანონებს აღასრულებენ ნაციონალურ მაუწყებლებზე, ახლა ტრენდულია ამაზე ლაპარაკი, რომ ოპოზიციური არხები გაქრებიან, არ არის ეს კანონები შექმნილი ოპოზიციური მედიებისთვის. არ იქმნება ასეთი კანონები მედიებისთვის, რომლებიც გადასახადებს არ იხდიან. ოპოზიციური მედიის მენეჯერებმა კარგად იციან, ისევე, როგორც პროსამთავრობო მედიებმა, როგორ დააგროვონ ვალი. ეს პოლარიზაცია რომელსაც ისინი ქმნიან და აქვთ ვირტუალურად შექმნილი, საზოგადოებასა და ჭეშმარიტ მედიებში არც არსებობს. ამიტომ საზოგადოება და ჭეშმარიტი მედიები მათ აუცილებლად დაუბრუნებენ პასუხს,“ – განაცხადა კუპრაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტების თანახმად, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება აიკრძალება. ამასთან ერთად იკრძალება, უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. ასევე, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
წყარო: bpn.ge
