ერთადერთი გზა, რომ საკუთარ ჭკუაზე მომაქციონ, არის ჩემი განადგურება – ამ დღეშია ჩვენი ძალიან ბევრი მომხრე და მათ მინდა მხნეობა ვუსურვო, მათ ჰყავთ ის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ინტერესს არასდროს უღალატებს
აქ საუბარია კონკრეტულ ინფორმაციაზე და ფაქტებზე რაც მათ ხელთ აქვთ, რომელიც მიზნად ისახავს უბედურების პრევენციას. უბედურება შეიძლება იყოს (და ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ამისგან) ის, რომ მტრულმა ძალებმა ვისთვისაც აბსოლუტურად სულერთია სახელმწიფო, საქართველო, ადამიანის სიცოცხლე, გაწიროს აბსოლუტურად უდანაშაულო, გულუბრყვილო ადამიანი საკუთარი პოლიტიკური ბინძური მიზნებისთვის, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“, რითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა.
„ამიტომ სუს-ს მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ეს წინასწარ გვითხრა და ყველა უნდა ვიყოთ ფხიზლად. არავისი პოლიტიკური კუთვნილება არ დგას იმაზე მაღლა, რაც არის ჩვენი მოქალაქისა და ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ ჩვენ. ვინ დღეს გვაპროტესტებს და გვლანძღავს, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი და მათი სიცოცხლე ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ნებისმიერი პოლიციელისა. ამიტომ კარგი იქნება სუს-ის ეს განცხადება ყველამ იქონიოს მხედველობაში, იყოს ფრთხილად და მშვიდობიანად გამოხატოს პროტესტი. ხშირად ასეთი გაუგებრობაა – გამოხატვის თავისუფლება (თუ შენ სხვა მიზანი არ გაქვს, მაგალითად გადატრიალება, რევოლუცია) მთავრდება იქ, როდესაც შენ უკვე სათქმელი თქვი. ეს შეიძლება 5 საათი გაგრძელდეს, ან 15 დღე, მაგრამ ოდესღაც ეს თავისუფლება ამოწურვადი რესურსია, რადგან ერთხელ, ორჯერ, სამჯერ რომ მითხარი რომ ცუდი ვარ, მე ეს გავუგე და ვეგუები იმას, რომ შენ მე არ მოგწონვარ, რომ შენ ჩემი აზრები არ მოგწონს. ახლა შენ უნდა შეეგუო, რომ მე არ გეთანხმები. აქ არის პრობლემა – ჩვენ ვეგუებით იმას, რომ ადამიანებს განსხვავებული აზრი აქვთ, მაგრამ ისინი არ ეგუებიან იმას, რომ მე მათ არ ვეთანხმები და ერთადერთი გზა, რომ საკუთარ ჭკუაზე მომაქციონ, არის ჩემი განადგურება. ამ დღეშია ჩვენი ძალიან ბევრი მომხრე და მათ მინდა მხნეობა ვუსურვო. ვუთხრა, რომ ისინი არიან აბსოლუტურად წელგამართულები, რადგან მათ ჰყავთ ის ხელისუფლება, რომელიც სახელმწიფო ინტერესს არასდროს უღალატებს. სახელმწიფო ინტერესი ბევრი რაღაცისგან შედგება და მათ შორის შედგება ჩვენ სამშობლოს ევროკავშირში გაწევრიანებისგან. ამიტომ, ამას ჩვენ მორიგ ჯერზე დავითმენთ, მაგრამ კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ, რომ თუ მავანს ჩვენზე ცუდი შეხედულება აქვთ და არ მოვწონვართ და ამას ვეგუებით, ისინი უნდა შეეგუონ იმას, რომ ამას ჩვენ არ ვეთანხმებით. ამისგან შედგება დემოკრატია“, – განაცხადა წულუკიანმა.