ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, ბიულეტენებსა და ოქმებში მანიპულაციის შედეგებია ასახული.
როგორც კორძაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამომრჩევლებს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. კორძაია ამბობს, რომ ქართულ ოცნებას აპარატებში, სიებში გაორებების შესაძლებლობა ჰქონდა.
“გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ყველა ადამიანი ამბობდა იმას, რომ ბიულეტენიდან ჩანდა ხმის მიცემის ფაქტი. ანუ ხალხს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება არ ჰქონდა. რაც შეეხება ახალი სისტემით არჩევნების ჩატარებას: ვერიფიკაციის აპარატებში არსებული ამომრჩეველთა სიები არ იყო გამჭვირვალე, ჩვენ არ გვქონდა შესაძლებლობა ამ სიებზე დაკვირვების და გაორების გადამოწმების. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან ფართო შესაძლებლობა, მაშინ როცა არც დამკვირვებელს, არც წარმომადგენელს, არც პოლიტიკურ პარტიებს, არავის არ ჰქონდა შესაძლებლობა სიების გადამოწმების. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა რომ სიებში გაორებები მოეხდინათ”, – თქვა პოლიტიკოსმა.
მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ცესკომ მისცეს წვდომა ვერიფიკაციის აპარატებზე და ქვითრებზე, რათა ალტერნატიული დათვლა მოხდეს.
ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ცესკომ მოგვცეს წვდომა როგორც ვერიფიკაციის აპარატებზე ისე ქვითრებზე, რომელიც დალუქულია და ინახება ცესკოში. ერთადერთი გზა, რომლითაც გვაქვს შესაძლებლობა დავამტკიცოთ მასობრივი მანიპულაციები არის ამ დოკუმენტაციის გადამოწმება. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ არაერთხელ არჩევნებამდე ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირადობების ჩამორთმევა ხდებოდა და ეს პირადობები სად იყო, ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოხდეს გამოძიების საკითხი. ასევე მარკირების პრობლემა იყო – დღის განმავლობაში ძალიან ბევრგან აღმოვაჩინეთ, რომ სითხე არ იყო სათანადო ხარისხის და ის არ ტოვებდა კვალს თითზე, ან სხვა შემთხვევაში უშვებდნენ მარკირების გარეშე. სიების პრობლემა, გაორების პრობლემა, პირადობების პრობლემა, მარკირების პრობლემა – ჯამში იძლევა მასობრივი მანიპულაციების საშუალებებს. ასევე გადასამოწმებელია პლანშეტი და მისი ინტერნეტი”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.