ერეკლე მაღრაძე: წელი მთავრდება, უნივერსიტეტებს ბიუჯეტები აქვთ დასაგეგმი და არავინ იცის, როგორ უნდა დაგეგმონ… აბსოლუტური ქაოსია

„წელი მთავრდება, უნივერსიტეტებს ბიუჯეტები აქვთ დასაგეგმი და არავინ იცის, როგორ უნდა დაგეგმონ. გარდა ამისა, უცხოელი სტუდენტების მიღებაზეც სერიოზული პრობლემებია. გვიგზავნიან აპლიკაციებს, უნდათ ჩვენთან ჩაბარება და ამაზეც არ ვიცით რა პასუხი გავცეთ. აბსოლუტური ქაოსია“, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი და ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საერთაშორისო აკრედიტაციისა და განვითარების მენეჯერი, ერეკლე მაღრაძე.

„ბათუმელები“ ერეკლე მაღრაძეს „ქართული ოცნების“ ე.წ რეფორმაზე ესაუბრა.

  • ბატონო ერეკლე, რა ტიპის საფრთხეებს უქმნის „ქართული ოცნების“ საუნივერსიტეტო რეფორმა ილიაუნის იმ პროგრამებს, რომლებსაც უკვე აქვთ საერთშორისო აკრედიტაცია?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ოთხი ფაკულტეტია და მათ შორის ერთ-ერთია ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტი. ამ ფაკულტეტში არის სამი სკოლა და ერთ-ერთია ტექნოლოგიის სკოლა, რომელიც აერთიანებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.

საბაკალავრო პროგრამები არის კომპიუტერული მეცნიერების, კომპიუტერული ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის, არქიტექტურის და მათემატიკის. არის სამაგისტრო პროგრამები – პროგრამული ინჟინერიის, არქიტექტურის და მათემატიკის მიმართულებით და არის ერთი სადოქტორო პროგრამა მათემატიკის მიმართულებით.

ტექნოლოგიის სკოლაში არის კიდევ ბევრი კვლევითი ცენტრი, გამოყენებითი ფიზიკის, ენერგეტიკის და სამოქალაქო ინჟინერიის, ასევე კვანტური ფიზიკის მიმართულებით, ტექნოლოგიის სკოლის სტრუქტურაში შედის ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრი, და ბუნებრივია, ამ ყველაფრის არსებობას და განვითარებას ექმნება საფრთხე.

როცა ამბობენ, რომ სამ წლამდე ჩამოდის ბაკალავრიატში სწავლის ხანგრძლივობა, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და დანაშაული იმიტომ, რომ, ჩამოთვლილი საინჟინრო და ტექნოლოგიური პროგრამები, ე.წ. STEM პროგრამები, შეიქმნა „მილენიუმის“ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან და სან დიეგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და ორიენტირებულია საერთაშორისო აკრედიტაციის მიღებაზე.

ამ 4-წლიან პროგრამებიდან, ჯერ მხოლოდ კომპიუტერულ ინჟინერიას აქვს მიღებული როგორც საერთაშორისო აკრედიტაცია (ABET), ასევე ადგილობრივი ქართული აკრედიტაციაც, ხოლო დანარჩენ პროგრამებს ჯერ-ჯერობით აქვთ მიღებული მხოლოდ ადგილობრივი აკრედიტაცია, მაგრამ ორიენტირებულია ABET აკრედიტაციის მიღებაზე. ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლაში, ABET აკრედიტაციის მისაღებად აქტიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მზადება, მაგრამ, თუ ჩვენ იძულებულები ვიქნებით, რომ პროგრამა შევცვალოთ ეს უკვე გამორიცხული იქნება, რადგან სამ წელში ამ ABET-ის სტანდარტებით გათვალისწინებულ საგნებს ვერ ჩავატევთ, არ მოესწრება.

ვრცლად