სომხეთის რესპუბლიკა არ იღებს აზერბაიჯანის წინასწარ პირობას, შეცვალოს სომხეთის კონსტიტუცია მშვიდობის ხელშეკრულების საბოლოო ხელმოწერის მიზნით.
როგორც იუწყება Armenpress, ამის შესახებ განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან ერთად.
„ვფიქრობ, საჭიროა აღვნიშნო, რომ როგორც ადრე, ისე ახლა, ჩვენს განხილვებში, ურთიერთშეთანხმებული დღის წესრიგის ფარგლებში, ასეთი საკითხი არ არსებობს. სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ან ახალი კონსტიტუციის მიღების საკითხი არის მხოლოდ შიდაპოლიტიკური საკითხი და მას უნდა წყვეტდეს ჩვენი ხალხი. სომხეთს არასოდეს ჰქონია და არც მომავალში ექნება ვალდებულება რომელიმე მესამე მხარის წინაშე საკუთარი კონსტიტუციის შეცვლასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანი კვლავ მიიჩნევს ამას ხელშეკრულების ხელმოწერის პირობად, ჩვენ კი ამ წინასწარ პირობას არ ვიღებთ“, – განაცხადა მირზოიანმა.
არარატ მირზოიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა უკვე დაიწყეს ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლის პროცესი, რათა შესაძლებელი გახდეს მშვიდობის ხელშეკრულების გაფორმება.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს ხშირად გაუკეთებია განაცხადი, რომ სომხეთთან მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სომხეთის კონსტიტუაციასა და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებები შევა და სომხეთს პრეტენზია აღარ ექნება ყარაბაღზე.
