ერევანში 220-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს

სომხეთში გრძელდება საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრ ს გადადგომის და დროებითი მთავრობის შექმნის მოთხოვნით. საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო შეთანხმების გამო, რომლის საფუძველზეც ბაქომ დაიბრუნა სომხეთის ტავუშის რაიონთან მოსაზღვრე ოთხი სოფელი.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეებმა დღეს, 27 მაისს, დილიდან ერევანში გადაკეტეს ცენტრალური ქუჩები. ოპოზიციის მომხრეებმა ავტომაგისტრალები გადაკეტეს სომხეთის ზოგიერთ რეგიონშიც. -ს თანახმად, პოლიციამ გზების გახსნა მოითხოვა და უარის შემდეგ, დაუმორჩილებლობისთვის დააკავა სულ მცირე 226 პირი.
ანტისამთავრობო საპროტესტო მოძრაობას „ტავუში სამშობლოსთვის“ ხელმძღვანელობს ტავუშის არქიეპისკოპოსი ბაგრატი(გალსტანიანი). ის 26 მაისს ერევანში გამართულ მიტინგზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, არქიეპისკოპოს ბაგრატს ორმაგი, სომხეთის და კანადის მოქალაქეობა აქვს. სომხეთის კონსტიტუციით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება.
მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის კონტროლის სრულად აღდგენის შემდეგ, ბაქომ და ერევანმა მოლაპარაკება დაიწყეს სამშვიდობო შეთანხმებაზე, რომლის მისაღწევად დღის წესრიგში დადგა საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხიც. 2024 წლის მარტში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ პროცესი დაიწყო. ამას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.
1 მაისს სომხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, ახალი კონფლიქტი გამოიწვიოს. ერევანსა და ბაქოს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმნენ და ევროკავშირი.
24 მაისს აზერბაიჯანის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის სასაზღვრო სამსახურმა კონტროლი აღადგინა ოთხ სოფელზე, რომლებსაც 90-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სომხეთი აკონტროლებდა. თავის მხრივ, სომხეთის სასაზღვრო სამსახურმა დაიწყო აზერბაიჯანთან მოსაზღვრე ტავუშის ოლქის სამი სოფლის დაცვა დაახლოებით 7-კილომეტრიან მონაკვეთზე. შესაბამისად, აზერბაიჯანმა და სომხეთმა საზღვრის ამ რაიონიდან გაიყვანეს შეიარაღებული ძალების სამხედროები და კონტროლი მესაზღვრეებს გადასცეს.
· 2023 წლის 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგულ მთიან ყარაბაღზე და აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი.
· ყარაბაღზე ბაქოს სრული კონტროლის აღდგენას მოჰყვა ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისგან რეგიონის დაცლა.

ასევე დაგაინტერესებთ