ერევანში დემონსტრანტებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს

ერევანში, სადაც 9 ივნისს ფართომასშტაბიანი კოორდინირებული ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, მოძრაობა „თავუში სამშობლოსთვის“ მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს და ღამე იქ გაათიეს, იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.
10 ივნისის ღამეს მსვლელობის მონაწილეებმა, მოძრაობის ლიდერის, მთავარეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის ხელმძღვანელობით, პარლამენტის შენობას ალყა შემოარტყეს. მოხდა მცირე შეტაკება დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის, რომლებიც გასასვლელებს კეტავდნენ.
მოგვიანებით აქციის მონაწილეთა ნაწილი სამთავრობო აგარაკებზე მივიდა, სადაც მათ პოლიციის რაზმებიც დახვდნენ. დილიდან აქციის მონაწილეთა ორივე ჯგუფი პარლამენტის შენობის წინ გაერთიანდა და კარვები გაშალა.
მოძრაობა „თავუში სამშობლოსთვის“ ხელმძღვანელმა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის თავუშის ეპარქიის წინამძღვარმა, მთავარეპისკოპოსმა, ბაგრატ გალსტანიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, ორშაბათს, 10 ივნისს დაიწყონ 96 საათიანი დაუმორჩილებლობის აქცია, რათა ხელისუფლება აიძულონ მათ ნებას დაემორჩილოს. მან ეროვნული ასამბლეის ფრაქციებს 11 ივნისს შეხვედრის ინიციირების მოთხოვნით მიმართა, რომლის დღის წესრიგშიც იქნება ს მთავრობის გადადგომა და ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირება.
ნიკოლა ფაშინიანის მთავრობის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები სომხეთში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო მას შემდეგ, რაც ერევანი და ბაქო სომხეთის თავუშის რეგიონში საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე შეთანხმდნენ. აზერბაიჯანმა სომხეთის მახლობლად მდებარე ოთხ სოფელზე კონტროლი დაიბრუნა. საქმე ეხება თავუშის რეგიონის სოფლებს, სადაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკების გამო 1980-იანი წლებიდან არავინ ცხოვრობს. ისინი განლაგებულია ნეიტრალურ ზონაში ორი ქვეყნის ჯარების პოზიციებს შორის. აქციის მონაწილეების თქმით, ფაშინიანი და მისი მთავრობა, აზერბაიჯანის ზეწოლის ქვეშ და ახალი ომის შიშით, ცალმხრივ ტერიტორიულ დათმობებზე მიდიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი: მოთმინებით ეპყრობოდა აშშ “ქართული ოცნების” მანევრებს, კობახიძე მიწვეული იყო ვაშინგტონში და უარი განაცხადა, ახლა კი მასთან შეხვედრა აღარავის უნდა – არ გამოვრიცხავ, შემდეგი სანქციები არჩევნებამდეც გამოცხადდეს

პრემიერი “მომავლის სამიტზე” – ჩვენს წინაშე უპრეცედენტო გამოწვევებია – საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად