ერევანში სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბური აქციები მიმდინარეობს. საპროტესტო ტალღას სომხური სამოციქულო ეკლესიის ტავუშის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი უძღვება.
მთავარეპისკოპოსმა ბაგრატმა 4 მაისს აზერბაიჯანის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელი კირანციდან დაიწყო მარში, რომელიც 9 მაის ქვეყნის დედაქალაქში დასრულდა. სომხური მედია წერს, რომ საპროტესტო აქციას შეუერთდა მრავალი სხვადასხვა მოძრაობა, ერთმანეთისგან განსხვავებული გეოპოლიტიკური ხედვებითა და ორიენტაციით.
დემონსტრანტები აზერბაიჯანთან მიმართებაში სომხეთის დათმობებს აპროტესტებენ.
ტავუშელმა მთავარეპისკოპოსმა ფაშინიანს თავდაპირველად გადასადგომად ერთი საათი მისცა, შემდეგ კი ეს დრო რამდენიმე წუთით გაუხანგრძლივა. გალსტანიანი ამბობდა, რომ ამ დროის განმავლობაში მზად იყო შეხვედროდა პრემიერს და განეხილა მის მიერ თანამდებობის დატოვების პირობები. ფაშინიანი პრემიერის პოსტს არ ტოვებს. დროის ამოწურვის შემდეგ გალსტანიანმა თქვა, რომ დაასახელებს შემდეგ მოქმედებებს. სომხური მედია აღნიშნავს, რომ მთავარეპისკოპოსი მოთხოვნებში იყენებდა არა სიტყვა “გადადგომას”, არამედ “წასვლას”.
დემონსტრაცია, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს, მოძრაობა “ტავუში სამშობლოსათვის” მიერ არის ორგანიზებული.
გასულ თვეში, სასაზღვრო შეტაკებებისა და დაძაბულობის ფონზე, სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყებაზე ისტორიაში პირველად შეთანხმდნენ. საუბარი იყო სომხეთის ტავუშის პროვინციისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების სასაზღვრო ზონაზე, სადაც მდებარეობდა ოთხი სოფელი, რომლებსაც ერევანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აკონტროლებდა.
როგორც განცხადებაში ეწერა, საზღვარი გაივლებოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების შესაბამისად, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდის საზღვრების მოხაზვა გადაწყდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სომხეთი აზერბაიჯანს 4 სოფელს დაუბრუნებდა. იგეგმება დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის სხვა მონაკვეთებზე გაგრძელებაც.
ვრცლად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ ტერიტორიულ პრობლემებზე წაიკითხეთ აქ – დემარკაცია, ანკლავები და დაკავებული მიწები – ესკალაციის საფრთხე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის.