თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ადოლფ ჰიტლერს შეადარა და განაცხადა, რომ მათ ქმედებებში განსხვავებას ვერ ხედავს.
“როგორ განსხვავდები ჰიტლერისგან? რაიმეთი განსხვავდება ნეთანიაჰუს ქმედებები ჰიტლერის ქმედებებისგან?”, – განაცხადა მან.
ერდოღანმა დაამატა ისიც, რომ ისრაელს აშშ-ის ყოველმხრივი მხარდაჭერა აქვს, თუმცა ამ მხარდაჭერით “20 000 ღაზელი მოკლეს”.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებებს უკვე გამოეხმაურა ნეთანიაჰუ და აღნიშნა, რომ ერდოღანი, რომელიც “ქურთების გენოციდს ახორციელებს და მისი მმართველობის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების დაპატიმრებით მსოფლიოს რეკორდსმენია”, უკანასკნელი ადამიანია, ვინც ისრაელს მორალს უნდა უკითხავდეს.
ერდოღანი აქამდეც გამოირჩეოდა ისრაელის კრიტიკით – მან თქვა ისიც, რომ ჰამასის დაჯგუფებას ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს და ისრაელს არაერთხელ მოუწოდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ.