თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებების თურქეთში გამართვა შესთავაზა.
ორი ქვეყნის ლიდერი თურქეთში შეხვდა და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ისაუბრა საკითხებზე, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი, შავ ზღვაში საქონლის ტრანსპორტირების უსაფრთხოება, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება და თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტს გაუზიარა მისი გულწრფელი აზრი რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და ამავდროულად გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ომის უარყოფითი შედეგები მხოლოდ და მხოლოდ მატულობს და გამოხატა მწუხარება, რომ მხარეებმა არ გამოიყენეს 2022 წლის მარტში, სტამბოლში დაწყებული მოლაპარაკებების შესაძლებლობა.
“დასაწყისიდანვე, ჩვენ წვლილი შეგვაქვს ომის მოლაპარაკებების მეშვეობით დასრულებაში. მზად ვართ, ვუმასპინძლოთ მშვიდობის სამიტს, რომელშიც რუსეთი ასევე იქნება ჩართული” – თქვა ერდოღანმა.