მიხეილ ყაველაშვილი დღეს, 12 აგვისტოს – როდესაც საქართველოში „დიდგორობას“ აღნიშნავენ, – თურქეთს ეწვია და რეჯეპ ტაიპ ერდოანს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ პრესკონფერენცია გამართეს.
ისინი მიესალმნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას და ისაუბრეს თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებზე.
ერდოანის თქმით, ყაველაშვილს გადასცა მოლოდინი „მესხი თურქების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე თავის ისტორიულ საცხოვრებლებში“.
რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თავდაპირველად ისაუბრა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და თქვა, რომ ორ ქვეყანას „ღრმა ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები აერთიანებს“.
„ჩვენ ვართ ქვეყნები, რომელიც ვართ მონაწილენი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტისა, რომელიც არის შუა დერეფნის ხერხემალი და ჩვენ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავთობსადენი და გაზსადენი გვაქვს“, – თქვა მან.
ასევე, განაცხადა: „საქართველო გახლავთ სამშობლო მესხი თურქებისა, რომლებიც 1944 წლის ნოემბერში თავიანთი ისტორიული სამშობლოდან იძულებით გადაასახლეს “.
საუბრის ბოლოს განაცხადა: „მე აგრეთვე გადავეცი პრეზიდენტ ყაველაშვილს ჩვენი მოლოდინები მესხი თურქების ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე თავის ისტორიულ საცხოვრებლებში და ჩვენ, როგორც თურქები, ღირსეულ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ამ პროცესს“ [ტელეკომპანია „იმედის“ თარგმანი, რომელიც ყაველაშვილის ფეისბუკის გვერდზე გავიდა].
რეჯეპ ტაიპ ერდოანის თანახმად, საქართველოში შექმნილი „გულთბილი ატმოსფეროს წყალობით“, ქვეყანაში ათასობით თურქული კომპანია მუშაობს: „თურქული სამშენებლო კომპანიები აჩვენებენ დიდ დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტებით, გარდა ამისა, სამასი სამშენებლო დიდი პროექტი, რომელიც მილიარდობით ღირებულებისაა, უკვე არის განხორციელებული“, – თქვა მან.
თავის მხრივ, მიხეილ ყაველაშვილმა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მიმოხილვის შემდეგ, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი მნიშვნელობაზეც ისაუბრა:
„აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არიან განახორციელონ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები“ ,- თქვა მან
მისი განცხადებითვე, პირისპირ შეხვედრისას მან და პრეზიდენტმა ერდოანმა ისაუბრეს „სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაზე ამ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით“.
„მივესალმებით აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ განგრძობადი მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობისკენ სვლას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა ასევე თქვა, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე – „უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში“; ასევე, „ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები“ და თქვა, რომ საქართველო „ემხრობა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების აუცილებლობის იდეას“.
„უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, ვისაუბრეთ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ სრულმასშტაბიან აგრესიაზე, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და თურქეთის დაუღალავ ძალისხმევაზე, წვლილი შეიტანოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის შესაძლებლობის პოვნაში“, – თქვა მან პრესკონფერენციაზე.
ფორუმი
