ერდოანმა თურქეთის ოპოზიციის ლიდერს უჩივლა და მისგან 13 000 დოლარს ითხოვს სიტყვა “ხუნტისთვის”

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თურქეთის ოპოზიციის ხელმძღვანელის, რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ოზგურ ოზელის წინააღმდეგ, პატივისა და ღირსების შეურაცხყოფის გამო და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, სარჩელი შეიტანა. გარდა ამისა, პრეზიდენტის შეურაცხყოფის მუხლით ანკარის მთავარ პროკურატურას წარედგინა განცხადება ოზელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.
თურქეთის პრეზიდენტის ადვოკატმა, ჰუსეინ აიდინმა, სოციალურ ქსელ X-ის პოსტით დაადასტურა აღნიშნული სარჩელის შეტანა. ერდოანი, მისი თქმით, ოზელის მიერ “ხუნტასთან” დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო პოლიტიკური ოპონენტისგან 500 000 თურქულ ლირას (13 000 დოლარზე მეტს) მოითხოვს.
“ანკარაში პირველი ინსტანციის სამოქალაქო სასამართლოში 500 000 თურქული ლირის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შევიდა ჩვენი პრეზიდენტის სახელით, “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” ყრილობის დროს, ისეთი უსაფუძვლო ბრალდებებისა და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, როგორიცაა” “ხუნტის წევრი” და ა.შ.” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის ადვოკატმა.
53 წლის ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციის ბრალდებით. თურქული მედიის ცნობით, იმამოღლუს წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზეც.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ დანებებას არ აპირებს. ექრემ იმამოღლუს მომხრეები პრეზიდენტ ერდოანს პოლიტიკური მეტოქის დევნაში ადანაშაულებენ.

23 მარტს სასამართლომ იმამოღლუს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის ჩამოაშორეს სტამბოლის მერის თანამდებობასაც. იმავე დღეს „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ ექრემ იმამოღლუ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

თურქეთში მარტის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს მასშტაბური პოლიტიკური კრიზისი პოპულარული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს, “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” წევრის დაკავების გამო, იმამოღლუ უნდა გამხდარიყო ერდოანის მთავარი მოწინააღმდეგე მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში.
იმამოღლუს დაპატიმრებამ მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია. დემონსტრანტები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გათავისუფლებას და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს მოითხოვენ.

თურქეთის -ს მონაცემებით, დაკავებულია აქციების 2000-მდე მონაწილე. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ქვეყანაში დაწყებული დემონსტრაციები დაგმო და „ძალადობის მოძრაობა“ უწოდა.