19 თებერვალს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ანკარაში სტუმრად მყოფ აზერბაიჯანის ლიდერს უთხრა, რომ აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მშვიდობის მომხრეა და სურს, რომ ბაქომ თავიდან აიცილოს სომხეთის საზღვარზე ძალადობის ესკალაცია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ანკარაში ჩავიდა მიუნხენში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ. ეს შეხვედრა გაიმართა ქვეყნებს შორის საზღვარზე გასულ კვირაში მომხდარი ესკალაციის შემდეგ.
13 თებერვალს ერევანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის „შურისძიების ოპერაციას“ სომხეთის ოთხი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა – მას შემდეგ, რაც წინა საღამოს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ სომხური პოზიციებიდან სროლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა.
ეს 2024 წელს ორ ქვეყანას შორის მომხდარი პირველი სისხლიანი ეპიზოდია, რომელიც დროში გაწელილი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე განვითარდა.
სასაზღვრო მიდამოებში შეიარაღებული ინციდენტები ორ ქვეყანას, რომლებსაც ჯერაც არ აქვს სახელმწიფო საზღვრები დელიმიტირებული, წარსულში ხშირად ჰქონია, თუმცა 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის საბოლოოდ დაკავების შემდეგ, – რასაც ასობით სიკვდილი და ათიათასობით ეთნიკურად სომეხი მოსახლის მიერ ტერიტორიის იძულებით დატოვება მოჰყვა, – ეს პირველი შეიარაღებული ინციდენტი იყო.