ერდოანი ჩინეთში შეხვდა პუტინს, ალიევს და ფაშინიანს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ჩინეთში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.
ეს შეხვედრები დღეს, 1 სექტემბერს გაიმართა ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, რომელიც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი და პარტნიორი ქვეყნების მეთაურთა სამიტს მასპინძლობს. ამ ორგანიზაციის წევრია, თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი კი – პარტნიორები.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ერდოანთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებთან ერთად ყურადღების ცენტრში იყო თემები, რომელთა მიმართ საერთო ინტერესი არსებობს – ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და ამიერკავკასია. პუტინს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
თურქული სააგენტო „ანადოლუ” წერს, რომ ერდოანმა პუტინთან განიხილა ორმხრივი, რეგიონული და გლობალური საკითხები და განაცხადა, რომ თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას უკრაინაში ომის დასასრულებლად.
„ანადოლუს” ცნობითვე, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ განაგრძობენ თანამშრომლობის განვითარებას ბევრ სფეროში, განსაკუთრებით ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში და კმაყოფილება გამოთქვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობის გამო.
აზერბაიჯანული სააგენტო „აპა“ წერს, რომ ალიევმა და ერდოანმა განიხილეს სარკინიგზო პროექტი, რომელიც ნახიჩევანში უნდა განხორციელდეს და ისაუბრეს ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზეც.
სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიმართულ ნაბიჯებზე ილაპარაკეს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა.
ოფიციალური ცნობის თანახმად, მათ ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნების აუცილებლობას ურთიერთნდობის ატმოსფეროს შექმნისა და რეგიონული კომუნიკაციების განვითარების მიზნით და დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
· სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2025 წლის 8 აგვისტოს, ვაშინგტონში, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანდასწრებით ხელი მოაწერეს შეთანხმებებს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა არის უმძიმესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჟრიამულის საფუძველი არავის აქვს! – მივმართავ „ოცნების“ ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია ამ არაადეკვატურობის გაჩერება, თქვენ ხართ!

ვოლოდიმირ ზელენსკი: გვაქვს მყარი მტკიცებულებები, რომ როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ პირველი შაჰედის ტიპის კამიკაძე დრონების გამოყენება დაიწყო, მათ თავად ირანელი ოპერატორები უშვებდნენ. ისინი იმყოფებოდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ადგილზე გაეწვრთნათ რუსი სამხედროები