ერდოანი: მიგვაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის ინტერესებით გადაწყდება. ანკარაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მას დამატებით არ უსაუბრია ე.წ. აგენტების კანონზე, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენების შესახებ ირაკლი მ გაუზიარა მოსაზრებები.
“დღეს ორი მეგობარი, ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ და ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩვენ შორის. კიდევ ერთხელ მხარი დავუჭირე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და კეთილდღეობას. ასევე, გამოვთქვი ჩემი უწყვეტი მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე. ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, მე ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ თქვენი მოსაზრებები გამაცანით საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება”, – თქვა ერდოანმა.
მანვე აღნიშნა, რომ თურქეთი მზად არის საქართველოში უმსხვილეს პროექტებში მიიღოს მონაწილეობა.
“გასულ წელს ჩვენი სამი მილიარდი დოლარის მაჩვენებელს მივაღწიეთ ორმხრივი ვაჭრობის კონტექსტში, ჩვენ დავუთქვით ერთმანეთს, რომ ახალი სამიზნე ორიენტირი 5 მილიარდი იქნება. მიმაჩნია, რომ გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ძალიან მალე ამ ნიშნულს მივუახლოვდეთ და ჩვენი ბიზნეს შესაძლებლობები ავითვისოთ სრულად… პრემიერ-მინისტრს განვუცხადე, რომ მზად ვართ საქართველოს უმსხვილეს პროექტებში მივიღოთ მონაწილეობა, აეროპორტის, პორტების მშენებლობაში, ენერგეტიკის მიმართულებით, გადამცემი ხაზების მშენებლობაში, უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხითაც აღვუთქვით ერთმანეთს თანამშრომლობის სურვილი და დაპირება”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
პრემიერ-მინისტრი , დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში 16 მაისს გაემგზავრა. ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
“აგენტების კანონის” წინააღმდეგ საქართველოში თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება – საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია.

ასევე დაგაინტერესებთ