ერგნეთში IPRM-ის შეხვედრაზე განხილვის თემა თამაზ გინტურის მკვლელობა იქნება

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრედ, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის(IPRM) 116-ე შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის საქმე იქნება. ამის შესახებ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
“თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია არის გაცხადებული. უნდა მოხდეს მკვლელების მიმართ სამართლის აღსრულება. ყველაზე ლოგიკური გზაა მკვლელების გადმოცემა. [მკვლელები] იდენტიფიცირებული არ არიან, ‘ოქროს მოწმემ’ ვერ ამოიცნო”, – თქვა ანთაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით, საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 37 მოქალაქე. მათ შორის ხუთი – ერგნეთში 1 ნოემბერს გამართული 115-ე შეხვედრის შემდეგ.
სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის იქნება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი – მათ შორის უკანონო დაკავებები და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.
ერგნეთში ბოლო შეხვედრა მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს ჩატარდა, 6 ნოემბერს კი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა ადგილობრივი თამაზ გინტური მოკლა.
კირბალის ლომისის ეკლესია, რომლის სიახლოვესაც თამაზ გინტური მოკლეს, ოკუპირებულად 2018 წელს გამოაცხადეს. საოკუპაციო ხაზს, რომელსაც ცხინვალი საზღვარს უწოდებს, ს “ეფესბე” დარაჯობს.
58 წლის თამაზ გინტური, რომელიც ეკლესიაში თანასოფლელებთან ერთად იყო ასული, 6 ნოემბერს ე.წ. მესაზღვრეებმა სასიკვდილოდ დაჭრეს, გაიტაცეს მისი თანმხლები ლევან დოთიაშვილი, რომლის გათავისუფლებაც სამ დღეში მოხერხდა.
საქართველოს შინაგან სამინისტროს თანახმად, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლების შესაბამისად მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ 23 ნოემბერს დამტკიცებული მრავალპარტიული რეზოლუცია მოითხოვს: საქმის საფუძვლიან გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას; “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” ევროპული ანალოგის შექმნას [საქართველოს ხელისუფლებასთან კონსულტაციით]; მიზანმიმართული სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებელი.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, -ის, რუსეთის და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის