ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ოთხი მწვავე საკითხი დააყენა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) სამუშაო შეხვედრა ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა. 117-ე შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებულთა და „ბორდერიზაციის” საკითხები განიხილებოდა. ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. მიმდინარე წელს კი „ბორდერიზაციის” ორი შემთხვევა იყო.
„დავაყენეთ ხუთივე უკანონო პატიმრის გათავისუფლების საკითხი. დღეს ალბათ მეცოდინება ე.წ. სასამართლოს შედეგი, ორი მათგანი [გიორგი მელაძის და დიმიტრი კორინთელის] პროცესი მიმდინარეობს. როგორც კი ინფორმაციას მივიღებ, მას ოჯახის წევრებს გავუზიარებთ. სხვა მიმართულებით, სამწუხაროდ, არ დაფიქსირდა მათი მხრიდან მზაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების შესახებ”, – უთხრა შეხვედრის შემდეგ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს.
„ბორდერიზაცია”
რაც შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს, სუს-ის წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წელს ორი შემთხვევა [ზარდიანთკართან და დვანთან] იყო. როგორც ანთაძემ აღნიშნა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ტრადიციული პოზიცია გააცნო: „ადგილობრივმა მკვიდრმა მოსახლეობამ უსაფრთხოდ უნდა შეძლოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილება, მიწის ნაკვეთებზე მუშაობა და საქონლის მწყემსვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს გაზიარებული იქნება. ამას უახლოესი თვეები აჩვენებენ. მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აქვთ. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მინიმუმამდე დავიდეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ნებისმიერი მძიმე ინციდენტი”.
თამაზ გინტურის მკვლელობა
შეხვედრის დღის წესრიგში იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე თამაზ გინტურის მკვლელობას ეხებოდა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა გინტურის მკვლელების დასჯა. თუმცა, როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თქვა, ს პოზიცია იყო ცინიკური, როცა კვლავ განაცხადეს, რომ ე.წ. მესაზღვრე უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა.
„ეს საკითხი ჩვენ მიერ დაისვა და მონაწილეებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოვთხოვეთ წარმოედგინათ განახლებული ინფორმაცია მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით და ხომ არ იყვნენ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირები დაკავებულები. სამწუხაროდ, მათგან ტრადიციული პასუხი მივიღეთ, რაც თავიდანვე იყო გაჟღერებული რუსეთის მხარის მიერ, კერძოდ, გვითხრეს, რომ გამოძიება ჩატარდა, ე.წ. მესაზღვრეები მოქმედებდნენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში. იგივე პოზიცია აქვთ მკვლელობის პირველი დღიდან და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია, რომ ამგვარი მოსაზრება არის აღმაშფოთებელი”, – განაცხადა ანთაძემ.
ტატუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მომავალ პროკურორად
კიდევ ერთი თემა ეხებოდა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მსჯავრდებულის, დავით გურწიევის ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საოლქო პროკურორად დანიშვნის განზრახვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. გურწიევი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება. მას ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს კიდევ ერთ თანამშრომელთან (ალიკ ტაბოევთან) ერთად, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.
„დავით გურწიევის საკითხი დაისვა, ვინაიდან ადგილობრივი მკვიდრი ქართული მოსახლეობა ახალგორში არის შეშინებული, ასევე, ამან გამოიწვია გარკვეული რეაქციები საოკუპაციო ხაზის აქეთ მცხოვრებ მოსახლეობაში. აღინიშნა, რომ ეს პირი არის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დამნაშავე, რომელიც მსჯავრდებულია ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს არის სერიოზული რისკი უსაფრთხოების გარემოსთვის. ვიმედოვნებ, რომ გამოიჩენენ კეთილგონიერებას და ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას არ შეექმნება არანაირი საფრთხე. თავისთავად ასეთი პირის დანიშვნის ფაქტმა გამოიწვია ადგილობრივ მოსახლეობაში გარკვეული რეაქცია. ჩვენ მოგვაქვს ფორმატის მონაწილეებთან ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები. ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დაცული და მათ უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნებათ. მათ დამატებითი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავი შეიკავეს. რეაქცია იყო მხოლოდ ფორმალური. იმის თქმა მინდა, რომ არანაირი კონკრეტული დეტალები ჩვენს ინტერვენციაზე მათ არ წარმოუდგენიათ”, – თქვა ირაკლი ანთაძემ.
ოკუპირებული ახალგორის საოლქო პროკურორად გურწიევის დანიშვნის წინააღმდეგია ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მან 12 თებერვალს პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა. მეარაყიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ მეტი არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ასე მხოლოდ საკუთარ პოზიციას გამოხატავს: „გურწიევი არ იმსახურებს ამ თანამდებობას!”
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი სამუშაო შეხვედრა 20 მარტს დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, ეს უბრალოდ მიუღებელია – ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება არჩევნებს

პრემიერი – სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რევოლუციური პროცესები წამოიწყო, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს რესურსი – ოპოზიციის და მათი პატრონების ეს გათვლაც განწირულია წარუმატებლობისთვის