საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია. ოფიციალური ცნობით, ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
„ლევან პეტრიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი. უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს”, – ვკითხულობ სუსის განცხადებაში.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.
ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ლევან პეტრიაშვილს და მის მეგობარს, არჩილ ბასანიძეს, წინასწარი პატიმრობა 29 მაისს შეუფარდა.
ერგნეთელი ლევან პეტრიაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 15 მაისს დააკავეს. მეორე დღეს, 16 მაისს, პეტრიაშვილის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა მისი მეგობარი, სოფელ მეღვრეკისის მკვიდრი არჩილ ბასანიძე, რომელიც ასევე ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
არჩილ ბასანიძე 15 ოქტომბერს გაათავისუფლეს.
6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობიდან 9 ნოემბერს გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი მედიასთან მოჰყვა 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან მომხდარის შესახებ.
ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ “ცხელი ხაზის” მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.