ერაყის სასამართლომ ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ქვრივს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ერაყის სასამართლომ ჯიჰადისტური ტერორისტული ორგანიზაციის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გარდაცვლილი ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ქვრივს, ასმა მოჰამედს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ასმა მოჰამედი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პირველი ცოლი იყო.
ერაყის უმაღლესი იუსტიციის საბჭოს ინფორმაციით, სასამართლომ ასმა მოჰამედი, ასევე ცნობილი, როგორც უმ ჰუდაიფა, ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის და იეზიდი ქალების დატყვევების ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. ბრალდებულის ადვოკატს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
გადარჩენილმა იეზიდმა ქალებმა, რომელთაც ISIS-ის ტყვეობაში აუპატიურებდნენ, ასმა მოჰამედის (უმ ჰუდაიფას) წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეიტანეს და მას ბრალს სდებდნენ იზიდი ქალების და არასრულწლოვანი გოგოების მოტაცების, დატყვევების და სექსუალური ესპლუატაციის ორგანიზებაში.
ასმა მოჰამედმა, იგივე უმ ჰუდაიფამ, BBC-სთან ბოლო ინტერვიუში უარყო მისი მონაწილეობა ISIS-ის ქმედებებში და იეზიდი ქალების მოტაცებასა და დატყვევებაში. მისი თქმით, ის თავის ქმარს ეწინააღმდეგებოდა და პირად საუბრებში ბრალს დებდა უდანაშაულო ადამიანების დახოცვაში. მან ასევე თქვა, რომ ის გრძნობდა სირცხვილს და წუხილს იმის გამო, რაც იეზიდ ქალებს და გოგოებს დაემართათ.
2019 წელს სირიასა და ერაყში ISIS-ის დამარცხების შემდეგ -ს ძალებმა აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და მისი ოჯახის წევრების სამალავში რეიდი მოაწყო, რა დროსაც ალ-ბაღდადიმ თავი აიფეთქა და მასთან ერთად ორი ბავშვი დაიღუპა. რეიდისას ასევე მოკვდა ალ-ბაღდადის ოთხი ცოლიდან ორი. ამ დროს ასმა მოჰამედი, იგივე უმ ჰუდაიფა სამალავში არ იმყოფებოდა, რადგან 2018 წლიდან სამხრეთ თურქეთში დაჭერილი იყო. საბოლოოდ მისი ექსტრადაცია თურქეთიდან ერაყში 2024 წლის თებერვალში შედგა.