გამოცემა Reuters-ის ცნობით, ერაყს სურს, აშშ-ს სამხედრო ძალებმა ქვეყანა სწრაფად და გეგმაზომიერად დატოვონ, თუმცა, ჯერჯერობით ქვეყნიდან გასვლისთვის საბოლოო ვადა არ არის დაწესებული. ერაყის პრემიერმინისტრის მუჰამედ შია ალ-სუდანის თქმით, ქვეყანაში ამერიკის ყოფნა დესტაბილიზაციას იწვევს.
ამერიკის მიმართ ერაყის დატოვებისკენ მოწოდებები მას შემდეგ გახშირდა, რაც აშშ-მ ირანთან დაკავშირებულ დაჯგუფებებზე საჰაერო იერიშები მიიტანა. ერთ-ერთი იერიშის დროს აშშ-მ სამხედრო ლიდერი ბაღდადში მოკლა, რასაც ადგილობრივ პროირანულ დაჯგუფებებში მწვავე რეაქცია მოჰყვა.
ბოლო პერიოდში ერაყსა და სირიაში ამერიკულ ბაზებზე დრონებითა და რაკეტებით თავდასხმებმა იმატა. პროირანული დაჯგუფებების თქმით, აშშ-ს ბაზებზე იერიშები ამერიკის მხრიდან ომში ისრაელის მხარდაჭერის საპასუხოდ ხორციელდება.
აშშ-ს საჰაერო იერიშის შემდეგ, 5 იანვარს პრემიერმინისტრმა ალ-სუდანმა განაცხადა, რომ ერაყის მთავრობა ქვეყანაში მყოფი საერთაშორისო სამხედრო კოალიციის, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს, გაყვანის პროცესს იწყებდა.
“მთავრობა ორმხრივი კომიტეტისთვის, ერაყში საერთაშორისო კოალიციური ძალების ყოფნის სამუდამოდ დასასრულებლად, მოლაპარაკებების დაწყების თარიღს დააწესებს”. – ეწერა პრემიერმინისტრის უწყების განცხადებაში.
სუდანის თქმით, ქვეყნიდან ჯარების გასვლაზე მოლაპარაკებები “ურთიერთგაგებისა და დიალოგის პროცესით” წარიმართება.
თუმცა, ამერიკული გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, პირად საუბრებში ერაყის პრემიერმინისტრმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს განუცხადა, რომ, 5 იანვრის განცხადების მიუხედავად, მას სურს, ქვეყანაში აშშ-ს სამხედრო ძალების დატოვებაზე მოილაპარაკოს.
ერაყის პრემიერმინისტრის მუჰამედ შია ალ-სუდანის უფროსმა მრჩევლებმა ამერიკელ მაღალჩინოსნებს უთხრეს, რომ პრემიერის სიტყვით გამოსვლა “შიდა პოლიტიკური ნაწილების დაკმაყოფილების მცდელობა იყო”, ხოლო თავად პრემიერი სამომავლოდ ერაყში ამერიკული ძალების დარჩენის მიმართ ერთგული რჩება.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით Politico აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო დეპარტამენტს დაუკავშირდა, თუმცა, მათგან კომენტარის მოთხოვნაზე პასუხი არ მიუღია.
პენტაგონის თქმით, აშშ ერაყიდან ძალების გამოყვანას არ გეგმავს და ერაყის მთავრობიდან ამასთან დაკავშირებით შეტყობინებაც არ აქვთ მიღებული.