მოსკოვში, ტვერსკაიას ქუჩაზე მდებარე ელიტარულ აპარტამენტებში, 67 წლის ბიზნესმენი და ჩეჩნეთის ყოფილი დეპუტატი, უმარ ჯაბრაილოვი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, რომელიც ერთ დროს მოსკოვური ფუფუნების სიმბოლო იყო, მარტოობასა და ვალებში გარდაიცვალა. თუმცა, მისი სიკვდილის გარშემო გაჩენილმა კითხვებმა ოკეანის მიღმაც კი შეაღწია.
საიდუმლო “ეპშტეინის ფაილებიდან”: რატომ ეშინია უმარის შვილს?
ჯაბრაილოვის სიკვდილმა კვლავ გააცოცხლა მისი კავშირი ამერიკელ მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინთან, რომელიც პედოფილიასა და სექს-ტრეფიკინგში იყო მხილებული.
ჯაბრაილოვის სახელი და ფოტოები ეპშტეინის სკანდალურ არქივებში ფიგურირებდა. თავად უმარი არ უარყოფდა, რომ პირადად იცნობდა ეპშტეინს და მჭიდრო მიმოწერა ჰქონდა მის თანაშემწესთან, გისლეინ მაქსველთან.

მისი უმცროსი ქალიშვილი, ალვინა, დარწმუნებულია, რომ მამას თავი არ მოუკლავს. “ის გააჩუმეს, რადგან ეპშტეინისა და ტრამპის საქმეებთან დაკავშირებით ზედმეტს ფლობდა”, – აცხადებს ის. ალვინა ამტკიცებს, რომ მასზე თვალთვალი მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ ვერ ჩავიდა მამის დაკრძალვაზე ჩეჩნეთში.
უმარის “კოლექცია”: მსოფლიო ვარსკვლავებიდან რუს ფაბრიკანტებამდე
ჯაბრაილოვის პირადი ცხოვრება ყოველთვის იყო მედიის ყურადღების ცენტრში. ის არ მალავდა, რომ უყვარდა ლამაზი ქალები და მათზე მილიონებს ხარჯავდა.
ქსენია სობჩაკი: მათი რომანი მოსკოვისთვის ეტალონი იყო. უმარმა “შოკოლადისფერ ქერას” ნამდვილი ფუფუნება აჩვენა – პირველი ბრილიანტები, კერძო თვითმფრინავები და ევროპული ბომონდი. სობჩაკი დღემდე სითბოთი იხსენებს მას, როგორც მის “პირველ მასწავლებელს” დიდ ცხოვრებაში.

ნაომი კემპბელი: 90-იანების ბოლოს “შავ პანტერასა” და ჩეჩენ მილიარდერს შორის გაჩაღებულ რომანზე მთელი მსოფლიო წერდა. ნაომი მოსკოვში ჯაბრაილოვის მოწვევით ხშირად ჩადიოდა.

შერონ სტოუნი: ჰოლივუდის ვარსკვლავი ასევე მოხვდა ჯაბრაილოვის კოლექციაში. მათი ურთიერთობა ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ხმაურიანი გამოდგა.
მომღერალი ალექსა: “ვარსკვლავების ფაბრიკის” მონაწილესთან მისი ურთიერთობა ბევრ კითხვას აჩენდა. თავად ალექსა ამტკიცებდა, რომ მათ “მამა-შვილური” დამოკიდებულება ჰქონდათ, თუმცა უმარი მას ძვირადღირებული საჩუქრებითა და პროტექციით ანებივრებდა.

უცნობი ცოლები და შვილები
მიუხედავად იმისა, რომ უმარი მუდმივად ვარსკვლავების გარემოცვაში იყო, ოფიციალურად ის ორჯერ იყო დაქორწინებული.
პირველი ქორწინება: ამ კავშირზე თითქმის არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ის ადრეულ ასაკში დაინგრა.
მეორე ქორწინება: მეორე ცოლისგან მას ორი ქალიშვილი, დანატა (36 წლის) და ალვინა (32 წლის) შეეძინა. განქორწინების შემდეგ გოგონები დედასთან ერთად ევროპაში გადავიდნენ საცხოვრებლად. ჯაბრაილოვი მათ ფინანსურად უზრუნველყოფდა, სანამ თავად არ აღმოჩნდა კრიზისში.

ფინანსური იმპერიის ნანგრევები
ადვოკატ ალექსანდრე კარაბანოვის თქმით, სიცოცხლის ბოლო თვეებში მილიარდერი “ვალებში იხრჩობოდა”.
მან გაყიდა ყველაფერი, მათ შორის ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშები და უძრავი ქონება.
“როგორც კი ფული გაქრა, გაქრნენ მეგობრებიც. ის დარჩა მარტო თავის დეპრესიასთან და წარუმატებელ პლასტიკურ ოპერაციებთან ერთად”, – ამბობს ადვოკატი.
დაკარგული სახე: ტრავმა, რომელმაც მილიარდერის ცხოვრება ორად გაყო
უმარ ჯაბრაილოვის ტრაგიკულ ბედში გარეგნობის დაკარგვამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. ოდესღაც მოსკოვის ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური მამაკაცი, რომლის გარეგნობაც მისი სავიზიტო ბარათი იყო, სიცოცხლის ბოლო წლებში სარკეში ჩახედვასაც კი ერიდებოდა. ყველაფერი ჩეჩნეთში მომხდარი აფეთქებით დაიწყო, როდესაც მისი ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა. სახის მძიმე დაზიანებებს საველე პირობებში მკურნალობდნენ, რასაც მოგვიანებით პლასტიკური ქირურგიის ნამდვილი ჯოჯოხეთი მოჰყვა.

როგორც თავად ბიზნესი აღიარებდა, ქირურგების არაპროფესიონალიზმმა მისი სახე საბოლოოდ დაამახინჯა. ერთ-ერთი ოპერაციის დროს ჩასმულმა იმპლანტებმა ყბის დეფორმაცია გამოიწვია, რასაც თავად ჯაბრაილოვი ირონიულად „ცხენის ყბას“ ადარებდა. მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა ცხვირზე ჩატარებული სამი წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ, რომელთა დროსაც სახეში ინფექცია შეეჭრა. ინფექციამ ძგიდის დაშლა და ცხვირის ფორმის სრული „ჩავარდნა“ გამოიწვია.
დეფორმაციის გამოსასწორებლად ექიმებმა უკიდურეს ზომასაც კი მიმართეს -ჯაბრაილოვს ნეკნიდან ამოუღეს ხრტილი, რათა ცხვირის ფორმა როგორღაც აღედგინათ, თუმცა ძველი იერსახის დაბრუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. სწორედ ეს ფიზიკური ტრანსფორმაცია გახდა მისი ღრმა ფსიქოლოგიური კრიზისის მიზეზი. კაცს, რომელიც მიჩვეული იყო აღფრთოვანებულ მზერასა და ვარსკვლავურ ცხოვრებას, საკუთარი სახის რცხვენოდა, რამაც ის საბოლოოდ სრულ იზოლაციამდე და ტრაგიკულ დასასრულამდე მიიყვანა.

ტრაგიკული ფინალი ტვერსკაიაზე
ჯაბრაილოვის ცხედარი დაცვის წევრებმა იპოვეს. გვერდით პისტოლეტი ედო. ეს არ იყო მისი პირველი მცდელობა – რამდენიმე წლის წინ მან ასევე სცადა თვითმკვლელობა სასტუმრო “ოთხ სეზონში”, თუმცა მაშინ გადაარჩინეს. ამჯერად ბედმა მას ზურგი აქცია.

ჯაბრაილოვი 3 მარტს ჩეჩნეთში, სოფელ ნოვიე ატაგიში დაკრძალეს. მისი ქალიშვილებიდან პროცესიას არცერთი არ დასწრებია – ერთს ფული არ ჰქონდა ბილეთისთვის, მეორეს კი – გამბედაობა.




