ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით დაიწყო

პროკურატურის ინფორმაციით, ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით დაიწყო.
“საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო. საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18, 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო. გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”, – აცხადებენ უწყებაში.
გიორგი ჯამდელიანმა დღეს, 8 მაისს, ქადაგებისას, მისი მკვლელობის მომზადების შესახებ განაცხადა და ამაში “ქართული ოცნების” მთავრობასთან დაახლოებული მაღალჩინოსანი დაადანაშაულა. მან თქვა, რომ მის მკვლელობას “უშიშროების” მაღალი თანამდებობის პირი საწამლავით გეგმავდა, დასახმარებლად კი ამავე ეპარქიის ერთ-ერთი მონაზონი გადაიბირა.
“ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ [მონაზონს] და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი ან მოგცემთ მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება, აი ასეთი მოვლენები და ვითარება არის ეპარქიაში”, – განაცხადა ჯამდელიანმა.
წაიკითხეთ ვრცლად:
· ეპისკოპოსის თქმით, მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი მას მონაზვნის მეშვეობით წამლავდა