დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, არ ჩაერივნენ ეკლესიის შიდა არჩევნებში.
ეპისკოპოსის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიამ დამოუკიდებლად შეძლოს საჭეთმპყრობელის არჩევა, ისე, როგორც კანონიკური სამართალი ითვალისწინებს.
მინდა მივმართო ხელისუფლებას და მოვუწოდო, რომ არანაირად არ დაუშვას, არ მისცეს თავს უფლება და ჩაერიოს ეკლესიის შიდა არჩევნებში. არც პირდაპირ და არც ირიბად. ეს არის ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი პრინციპი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ დამოუკიდებლად ავირჩიოთ ეკლესიის საჭეთმპყრობელი ისე, როგორც ამას კანონიკური სამართალი ითვალისწინებს. ეს ვფიქრობ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ასეც იქნება. აღნიშნული ინფორმაცია სახელისუფლებო წრიდან მივიღე,- განაცხადა მეუფე ზენონმა.
საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.




