ენტონი ბლინკენი ჰაიტის კრიზისთან დაკავშირებით კარიბის გაერთიანების შეხვედრას დაესწრება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰაიტიში შექმნილი კრიზისის შესახებ გასამართ კარიბის გაერთიანების შეხვედრას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას -ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენი ჰაიტიში პოლიტიკური ძალაუფლების გადაცემის შესახებ კარიბის გაერთიანებისა და ჰაიტის ოფიციალური პირების მიერ შემუშავებულ გეგმას და წესრიგის აღდგენის მიზნით ჰაიტიში უსაფრთხოების მრავალეროვნული მისიის განთავსების საკითხს განიხილავს.
ასევე, იამაიკაში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იამაიკის პრემიერ-მინისტრს, ენდრიუ ჰოლნესს შეხვდება.
შეგახსენებთ, ჰაიტიში საგანგებო მდგომარეობა გასულ კვირას, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დედაქალაქის, პორტ-ო-პრენსის ციხიდან პატიმრები გაათავისუფლეს და დედაქალაქზე კონტროლი დაამყარეს.
შეიარაღებული დაჯგუფების ლიდერი, ჯიმი შერიზიე ჰაიტის პრემიერ-მინისტრის, არიელ ჰენრის გადადგომას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ