აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, სამშაბათს ბრიუსელში გაემგზავრა. ვაშინგტონი, ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ბოლო კვირებში, ეძებს გზებს, „გაზარდოს“ უკრაინის სამხედრო დახმარება.
ოთხშაბათს, მდივანი ბლინკენი მონაწილეობას მიიღებს ნატოსა და ევროკავშირში დაგეგმილ დისკუსიებში, რომლის მიზანი უკრაინის მხარდაჭერის კოორდინაციაა. დროის დაახლოებით იმავე მონაკვეტში, ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტი ბაიდენი, არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უმასპინძლებს. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შეხვედრაზე დონალდ ტრამპს , ჯო ბაიდენი სთხოვს, „არ მიატოვოს“ უკრაინა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ბლინკენი ესაუბრა თავის ევროპელ კოლეგებს. მათ შორის იყვნენ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები მოიცავდა უკრაინაში არსებულ ვითარებას და იმ შედეგებსა და საფრთხეებს, რომლებიც მოჰყვება რუსეთის გადაწყვეტილებას, ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები ჩართოს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ამ შეხვედრებს წინ უსწრებდა, გასულ კვირას, ბუდაპეშტში გამართული ევროპელი ლიდერების შეხვედრა, სადაც მათ განიხილეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობები, უკრაინის მხარდაჭერა და სხვა აქტუალური საკითხები.
ბრიუსელის შემდეგ, ბლინკენი ლიმაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის შეხვედრაზე გაემართება, რასაც მოჰყვება ვიზიტი ბრაზილიაში. რიო დე ჟანეირო, დიდი 20-ეულის შეხვედრას უმასპინძლებს. პერუსა და ბრაზილიაში, ოფიციალურ ვიზიტს ასევე გამართავს პრეზიდენტი ბაიდენი.